ორბანის მთავრობა კორუფციულ სკანდალში გაეხვა, უნგრეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

29-03-2024 17:40:19 მსოფლიო

უნგრეთის პროკურატურამ ვიქტორ ორბანის მთავრობაში კორუფციული სკანდალის ირგვლივ გამოძიება დაიწყო. იტყობინება Reuters.

მოწმის სახით უკვე გამოკითხეს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯუდიტ ვარგა, რომლის ყოფილმა ქმარმა პიტერ მაგიარმა გაასაჯაროვა ჩანაწერი. აუდიოჩანაწერში ვარგა დეტალურად საუბრობს ვიქტორ ორბანის კაბინეტის უფროსის თანაშემწეების მცდელობაზე, ამოიღონ გარკვეული ფრაგმენტები ქრთამის აღების საქმეზე არსებული დოკუმენტებიდან.

Reuters მიუთითებს, რომ კორუფციული საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროს ყოფილ სახელმწიფო მდივანს პალ ვოლნერს, რომელსაც 2022 წელს ბრალი წაუყენეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი შადლისგან ქრთამის აღებაში. დანაშაულს არც ერთი მათგანი არ აღიარებს.

ქვეყნის მთავარმა პროკურორმა პალ ფურხტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა შეაფასეს აუდიოჩანაწერი. გამოძიება დაწყებულია "მექრთამეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე."

კორუფციის შესახებ სკანდალური ცნობების გასაჯაროების შემდეგ, ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი გამოვიდა და ქვეყნის მთავარი პროკურორისა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გადადგომა მოითხოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები