ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 25-27 მარტი

29-03-2024 15:32:22 კონფლიქტები

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგე „დეპუტატმა“ დე ფაქტო პარლამენტი დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ წევრმა ინარ გიცბამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. მან არ დაასახელა ამ ნაბიჯის მიზეზები და აღნიშნა, რომ კვლავ გააგრძელებს „აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის ინტერესების დაცვას“. გიცბამ ამომრჩევლებს ნდობისთვის, უცვლელი მხარდაჭერის და ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინარ გიცბას გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია და მისი გადადგომის შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით მრავალი ვერსია წარმოშვა. აღსანიშნავია, რომ ინარ გიცბა იყო ერთ-ერთი იმ „დეპუტატთაგანი“ რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ „რუსულ-აფხაზური შეთანხმების“ რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა ხმა.

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გასახლება იწყება

აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან. გავრცელებული ცნობებით, დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუღ ნანბა უკვე შეხვდა სოხუმის აეროპორტის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას. ინფორმაციამ მოსალოდნელი გასახლების თაობაზე მათი უკიდურესი უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ღიად გამოხატეს საკუთარი პოზიცია და „მინისტრს“ განუცხადეს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. „შესაძლოა გადასახლებას ვიღაცები დათანხმდნენ, მაგრამ ყველა ამას არ დათანხმდება, კომპენსაციის მიღების შემთხვევაშიც კი“, - აღნიშნავდნენ შეხვედრის მონაწილეები.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოხდა ადმინისტრაციული შენობების დემონტაჟი და სანაცვლოდ აპარტამენტების, სასტუმროების და სავაჭრო ცენტრების მშენებლობა იგეგმება. ამავე ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური სივრცე მოეწყობა, სადაც რუს ინვესტორებს გადასახადებისგან გათავისუფლება და საკუთარი კომპანიების დარეგისტრირება შეეძლებათ.

თავად ჯანსუღ ნანბა ინფორმაციას შესაძლო გადასახლებისა და ახალი ობიექტების მშენებლობის შესახებ უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ აეროპორტის ტერიტორიის გაფართოების გეგმა განიხილება. “ეს განპირობებულია იმით, რომ არსებული კომპლექსის ნაწილი სარგებლობაში აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებს გადაეცა. თანამედროვე აეროპორტის აშენებისთვის, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს, არსებული ტერიტორია საკმარისი არ არის და სწორედ ამ მიზნით განიხილება აეროპორტის განვითარების გეგმა, ე.წ. მეორე ეტაპი“, - განაცხადა ნანბამ.

რაც შეეხება მოსახლეობასთან შეხვედრას, დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ის მიზნად ისახავდა მათ ინფორმირებას აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ, ასევე აეროპორტის გაფართოების გეგმის განხილვას.

აფხაზეთში გაღიზიანდნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“ სკანდირების გამო

ადგილობრივი სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ამავდროულად, ისინი გამოხატავდნენ შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გაკეთებული განცხადებების გამო. მაგალითად, ტელეგრამ-არხზე „რესპუბლიკა“ გავრცელდა პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ „ხელისუფლებამ, რომელიც სპორტული ღონისძიებების რეგულაციებსა და ჩარჩოებს განსაზღვრავს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არაადეკვატურ ქცევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. „თავიდან მინდოდა მეზობლურად მომელოცა, რა ყოჩაღები არიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა აფხაზეთსა და ოსეთზე სკანდირება დაიწყეს, ეს სურვილი გამიქრა“, „სანამ მათ თავებში მსგავსი ფიქრები ტრიალებს, ჩემთვის სულ ერთია მათი წარმატებები სპორტში თუ სხვა ნებისმიერ საქმიანობაში“, „სპორტი და ხელოვნება ხალხისთვის პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს“, - წერდნენ კომენტარების ავტორები.

საკუთარი პოზიცია გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად ოპოზიციაში მყოფმა თემურ ნადარაიამაც გამოხატა: „ჩვენ, როგორც აფხაზეთის ნაკრები, შეიძლება კიდევ ასი წელი ვერ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ თქვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში არ ვიცხოვრებთ. უკვე ვიცხოვრეთ საქართველოს სსრ-ის ფარგლებში და კარგი არაფერი გვინახავს. ახლაც, თქვენი არაღიარების პოლიტიკის, ეკონომიკური და სხვა სანქციების გამო, მათ შორის სპორტშიც, ევროპაში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა არ შეგვიძლია. მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუძლებთ, გამოსავალს ვიპოვით, მთავარია ფეხბურთი ჩვენთან უყვართ, აფხაზეთის ჩემპიონატიც არსებობს და არაღიარებულ სახელმწიფოთა შორის ჩემპიონებიც გავხდით. ჯერჯერობით ასეა, მაგრამ ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ყველაზე მეტად ვაფასებთ“.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ჟურნალისტი როინ აგრბაც გამოეხმაურა. „სოციალური ქსელების ძვირფასო მომხმარებლებო საქართველოდან! როდის ისწავლით, რომ უბრალოდ, სპორტისა და პოზიტიური ემოციებისთვის გაგიხარდეთ თქვენი ან თქვენი მეზობლის წარმატება? იყოთ ნუთუ ასეთი აუცილებელია ყველაფერი რაღაც პირობით ჩარჩოებში მოაქციო, მით უმეტეს თუ იცი, რომ ეს ოპონენტების უარყოფით რეაქციას გამოიწვევს? ყველაფრის მიუხედავად, ჭეშმარიტ გულშემატკივრებს ვულოცავ ამ გამარჯვებას, ეროვნულმა ნაკრებმა ეს დაიმსახურა და გისურვებთ, მოცემულობად მიიღოთ, რომ ჯობია ვიყოთ კარგი მეზობლები, კარგი ნათესავები, ვიდრე შევქმნათ დაპირისპირება იქ, სადაც ის ვერ იქნებოდა!“ - დაწერა მან საკუთარი Facebook პოსტის ქვეშ, რომელშიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე წერდა.

გულრიფშის რაიონში ჩამოსხმული სასმელი წყლის საწარმო შენდება

საწარმოს სამშენებლო სამუშაოები გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარაში 2023 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი, რომელიც ხუთ მოდულს, საკუთარ საწყობს და ლოგისტიკურ ცენტრს მოიცავს, განხორციელების აქტიურ ფაზაშია. უკვე დასრულდა ერთი მოდულის მშენებლობა, რომელიც მზად არის თურქეთიდან ჩამოტანილი აღჭურვილობის დასაყენებლად.

როგორც სამშენებლო კომპანია „აქტივ სტროი“-ს გენერალური კონტრაქტორის წარმომადგენელმა ალექსანდრ რიაბუხინმა განაცხადა, კოდორის წყალი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ამ ტერიტორიაზე ჩატარებულმა ყველა კვლევამ მაღალი შედეგი აჩვენა. „ბევრი ევროპელი ექსპერტიც კი, რომლებიც ეს შედეგები ნახა, გაკვირვებული დარჩა. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწარმოს მშენებლობაზე“, - აღნიშნა მან.

რიაბუხინის თქმით, პროექტში არსებული ინვესტიციები, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან მომდინარეობს, ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. „ყველა ინერტულ მასალას - ბეტონს, ხრეშს, ქვიშას აფხაზეთში ვყიდულობთ. ლამინირებულ ფანერასაც ადგილობრივი მეწარმეებისგან ვიძენთ, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება რუსული წარმოების იყოს. სამუშაო ადგილების 80%-ს აფხაზები იკავებენ. ვცდილობთ, ადგილობრივი მაცხოვრებლები მაქსიმალურად დავასაქმოთ და მოვამზადოთ, რათა მათ საკუთარი თავის რეალიზება სამომავლოდ მშენებლობაში შეძლონ“, - განაცხადა „აქტივ სტროი“-ს წარმომადგენელმა.

ალექსანდრ რიაბუხინმა ინვესტიციების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იქვე დასძინა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს ინვესტიციების შიში აქვს. „ინვესტიცია არის განცდა, თითქოს გარეშე პირი თქვენს ყიდვას ცდილობს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ინვესტიციები მთელი მსოფლიოს მიმართულებას წარმოადგენს. ყველა ქვეყანა იბრძვის ინვესტორების მოსაზიდად. იქნება ინვესტიციები - იქნება გადასახადები და სამუშაო ადგილები. იქნება გადასახადები - იქნება გზები. საბოლოო ჯამში, იქნება ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგება და სახელმწიფოს ექნება მეტი სახსრები სოციალური პროგრამების განსახორციელებლად. ამას ასევე ემატება ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა“ - განაცხადა რიაბუხინმა.

თავის მხრივ, საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ალხას ქაჯაიამ გამოთქვა იმედი, რომ ქარხნის ფუნქციონირება უახლოეს მომავალში დაიწყება. „საწარმო არა მხოლოდ აღადგენს რეგიონის ეკონომიკას, არამედ გახდება მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მიმწოდებელი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ჯიბუტი, ალჟირი და ვიეტნამი“ - დასძინა ქაჯაიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები