რუსეთმა გააორმაგა ნედლეულის იმპორტი დენთის წარმოებისთვის

29-03-2024 15:25:57 მსოფლიო

რუსეთმა გაზარდა ნიტროცელულოზის იმპორტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოიყენება საარტილერიო ჭურვების დენთის დასამზადებლად. რუსეთისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში მიწოდებული ნიტროცელულოზის მწარმოებლებს შორის ასევე არიან კომპანიები აშშ-დან, გერმანიიდან და ტაივანიდან. ამის შესახებ Wall Street Journal ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთში ნიტროცელულოზის იმპორტი 70%–ით გაიზარდა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წელს. 2023 წლის შუა რიცხვებისთვის იმპორტირებული იყო 3039 ტონა - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს.

როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს ნიტროცელულოზს, რადგან ის ძირითადად საბრძოლო მასალის წარმოებაში გამოყენება და ექვემდებარება საერთაშორისო სავაჭრო შეზღუდვებს. ნიტროცელულოზი ასევე გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის, მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ მზარდი იმპორტი განკუთვნილია იარაღისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეკონომიკა კვლავ ორიენტირებულია ომზე.

რუსეთი აწარმოებს მცირე რაოდენობით ნიტროცელულოზს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დააწესეს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, ჩინეთმა გაზარდა ამ ნაერთის მიწოდება რუსეთში. თუმცა, ვაჭრობის მონაცემებით, თურქეთში ერთი მცირე კომპანია "ნოი", ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ნიტროცელულოზის იმპორტის თითქმის ნახევარზეა პასუხისმგებელი. მისი მეშვეობით რუსეთი ყიდულობს აშშ-ში, გერმანიასა და ტაივანში წარმოებულ ნიტროცელულოზს, წერს გაზეთი.

ნიუ-იორკში დაფუძნებული International Flavors & Fragrances-ის გერმანულმა შვილობილებმა მიჰყიდეს მინიმუმ 80 ტონა ნიტროცელულოზი "ნოის", რომელმაც შემდეგ პროდუქტი რუსეთში გაგზავნა. ტაივანურმა TNC Industrial-მა 500 ტონაზე მეტი ნიტროცელულოზი გამოუშვა, რომელიც "ნოიმ" რუსეთში გასულ წელს გაგზავნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ შეიძინა მსგავსი მოცულობის პროდუქცია გერმანული მწარმოებელი Hagedorn-NC-ისგან და გაგზავნა რუსეთში.

გარდა ამისა, რუსმა იმპორტიორმა Analytical Marketing Chemical Group-მა ტაივანიდან თითქმის 700 ათასი დოლარის ღირებულების ნიტროცელულოზი მიიღო ბოლო ორი წლის განმავლობაში. ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კომპანია ყაზანის სახელმწიფო კომპანიის პარტნიორია. ორგანიზაციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კომპანიას ნიტროცელულოზი სამოქალაქო მიზნებისთვის შემოაქვს.

International Flavors & Fragrances-ში განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ პროდუქციის რუსეთში მესამე ქვეყნის მეშვეობით მიწოდების შესახებ. ზოგიერთმა კომპანიამ განაცხადა, რომ მათი პროდუქცია არ შეიცავს საკმარის აზოტს სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

მარტის დასაწყისში ჟურნალი Der Spiegel წერდა, რომ დასავლეთის ქვეყნები განიცდიდნენ ნიტროცელულოზის დეფიციტს. მასალაში აღნიშნულია, რომ ჩინეთმა, ამ ნედლეულის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, შეწყვიტა მიწოდება ევროპაში. მაგრამ, დამოუკიდებელი გამოკვლევების თანახმად, რუსეთის ბაზარზე მიწოდება გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები