სირსკი: მხოლოდ თავდაცვაზე არ ვართ, წინ მივიწევთ, მტერი არსადაა უსაფრთხოდ

29-03-2024 14:33:27 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი ალექსანდრე სირსკი ამბობს, რომ მიუხედავად ფრონტზე არსებული რთული ვითარებისა, უკრაინელი დამცველები უფრო მეტ პოზიციებს იბრუნებენ, ვიდრე კარგავენ.

მისი თქმით, ყოველი დღე მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას ჯარისკაცებისგან და ოფიცრებისგან, მაგრამ უკრაინელები არა მხოლოდ თავდაცვაზე არიან, არამედ ყოველდღე სხვადასხვა მიმართულებით მიიწევენ წინ.

"გარდა ამისა, ჩვენს მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა აღემატება დაკარგულთა რაოდენობას“, - განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, მოწინააღმდეგემ ბოლო თვეებში საგრძნობლად გაზარდა საავიაციო აქტივობა მართვადი ბომბების გამოყენებით, რომლებიც ანადგურებენ უკრაინელი მებრძოლების პოზიციებს.

„სულ რამდენიმე დღის წინ, მტრის უპირატესობა, გასროლილი საბრძოლო მასალის კუთხით, დაახლოებით 6:1 იყო“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში უკრაინელებმა მოახერხეს სიტუაციის გათანაბრება არტილერიით და ამან მაშინვე იქონია გავლენა ზოგად ვითარებაზე.

„მტერი ყოველდღიურად არა მარტო მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის ადამიანურ ძალებსა და აღჭურვილობაში, არამედ ის ვერსად ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი", - განაცხადა მთავარსარდალმა და თქვა, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში მტერმა დაკარგა 570-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 1 430 ჯავშანტექნიკა, თითქმის 1 680 საარტილერიო სისტემა და 64 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ კონტროლის შენარჩუნებას მთავარ სიმაღლეებზე და თავდაცვით ტერიტორიებზე. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ჩვენი ტერიტორიის დაკარგვა, მაქსიმალურად ამოვწუროთ მტრის შესაძლებლობები, მივაყენოთ მას მაქსიმალური დანაკარგები და მოვამზადოთ რეზერვები შეტევითი მოქმედებებისთვის“, - შეაჯამა სირსკიმ.

მანამდე უკრაინის საჭიროებაზე სირსკი თავის ამერიკელ კოლეგას ესაუბრა. საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტმაც, ამერიკელ რესპუბლიკელებთან, რომლებიც აყოვნებენ ამერიკული დახმარების დაფინანსებას.

ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ გაზაფხულის ბოლოსთვის რუსეთი მორიგი მასირებული შეტევისთვის ემზადება და დიდხანს მოგერიება უკრაინას გაუჭირდება მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ, მან პარტნიორებს მოუწოდა, რომ სწორედ ახლა სჭირდება უკრაინას დახმარება შესაბამისი იარაღით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები