პაატა მანჯგალაძე: ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ეს პრობლემა მოაგვაროს

29-03-2024 13:08:34 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ და „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს".

“ნამდვილი ტრადიცია, ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები იზრდებოდნენ დედებთან და მამებთან ერთად. “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ. შვილები დედებს მოსწყვიტოს. თაობები გაიზარდა “სკაიპით”. ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა. ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ და შემდეგ სხვა საკითხები”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

Новости

Другие новости