პროფკავშირი: ოპერაში შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა

29-03-2024 12:01:42 საზოგადოება

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ცნობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა.

მისი ინფორმაციით, პროფკავშირის საჩივრის საფუძველზე შრომითი უფლებების ზედამხედველობის და შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტებმა შრომის უსაფრთხოების 12 და შრომითი უფლებების 7 დარღევა გამოავლინეს და დადგენილი დარღვევების საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მითითები გამოიწერა.

„ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ბადრი მაისურაძეს ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცა 30-დღიანი ვადა.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი მადლობას უხდის შრომის ინსპექციის სამსახურს რეაგირებისთვის და მოელის რეინსპექტირების ობიექტურ შედეგებს.

თუ არსებული დარღვევები აღმოიფხვრა და ოპერის თანამშრომელთა შრომითი პირობები გაუმჯობესდება, ეს ცალსახად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ოპერაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და გაიფიცა, და არა იმათი, ვინც ამ უამართლობაზე გაფიცვის მიუხედავად დუმილი გააგრძელა”, – ნათქვამია განცხადებაში.

2023 წლის 29 დეკემბერსთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციამ გაფიცული 17 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. გაფიცული პერსონალი ხელფასის 100%-ით ზრდას და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები