შსს: ახალი სამაშველო ვერტმფრენი საქართველოშია, კიდევ ორი ბორტის გადმოცემა ივნისამდე იგეგმება

29-03-2024 11:10:59 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი, ევროპული ტიპის "H 145" ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

თანამედროვე, ევროპული ტიპის "H 145", ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია "Airbus Helicopters" -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, "Airbus Helicopters"-ის საწარმოში განხორციელდა. ფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, "Airbus Helicopters"-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.

"ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი ცნობით, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები