ზელენსკი: ზოგჯერ პარტნიორები ბედნიერები არიან, რომ ფრონტზე სტაბილიზაცია მოვახდინეთ, არა, ახლა დახმარება გვჭირდება, რადგან რუსეთი ახალ შეტევას ამზადებს

29-03-2024 09:33:16 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა უახლოეს თვეებში რუსეთის არმიის ახალი შეტევითი მოქმედებებისთვის უნდა მოემზადოს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთი ამზადებს ახალ შეტევებს, ეს შეიძლება, იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში. ამისთვის უნდა მოვემზადოთ, არა მხოლოდ სტაბილიზაცია მოვახდინოთ, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ძალიან ბედნიერები არიან, რომ ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახდინეთ. გვამხნევებენ, კარგია, თქვენ ძალა შეგწევთო. არა, ახლა დახმარება გვჭირდება შესაბამისი ბრიგადების მოსამზადებლად, რომლებსაც ჩვენი მიწისთვის ბრძოლა მოუწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის არმიის საჭიროებების შესახებ შეკითხვაზე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და არტილერია.

თებერვლის ბოლოს Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ რუსეთი ზაფხულის შეტევისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მოპოვებას შეძლებს, თუ კიევის მოკავშირეები უკრაინის მომარაგებას საბრძოლო მასალით არ გაზრდიან.

უკრაინის სამხედრო უწყება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთის არმია ქმნის 100 000-ჯარისკაციან ახალ ჯგუფს, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას უკრაინაზე ზაფხულის შეტევისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები