ფაშინიანმა საფრთხე უწოდა მთიანი ყარაბაღის "მთავრობის" ერევანში დაფუძნების შესახებ ცნობებს

28-03-2024 19:13:40 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობა“ არსებობს, საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ფაშინიანი ამ კომენტარით გამოეხმაურა ყარაბაღის ე.წ. „ხელმძღვანელის“ სამველ შაჰრამანიანის სიტყვებზე, რომელმაც ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „ყარაბაღის მთავრობა“ დევნილობაში არსებობს და ერევანში იმყოფება.

„მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა შორის არსებული ზოგიერთი წრე, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად დგამს ნაბიჯებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, აცხადებს რა ემიგრაციაში რაღაც მთავრობაზე და ა.შ.",– თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხეთში „ერთი მთავრობა არსებობს“ და სხვა ვერ იარსებებს.

„თუ ვინმე სომხეთში საკუთარ თავს მთავრობად ასახელებს, ეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა და იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ორგანოებმა შეცდომა დაუშვეს მუშაობაში“, - დასძინა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ყარაბაღის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლის შესახებ 2024 წლის 1 იანვრამდე - ამ დღიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ოფიციალურად წყვეტს არსებობას, ნათქვამია ბრძანებულებაში. ამას წინ უძღოდა ბაქოს მიერ სამხედრო ოპერაციის წამოწყება.

შედეგად 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა, დაეტოვებინა რეგიონი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები