უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ტყვეობიდან უნგრეთში გადაყვანის დეტალებზე პირველად ისაუბრეს

28-03-2024 17:28:48 მსოფლიო

2023 წლის ივნისში რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ არ იცოდა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და მოითხოვა, რომ უკრაინის კონსულისთვის გათავისუფლებული ხალხის ნახვის უფლება მიეცათ, თუმცა ეს არ მომხდარა და გაცვლის დეტალები უცნობი დარჩაა. თითქმის 10 თვის შემდეგ დეტალებზე გათავისუფლებულმა ჯარისკაცებმა Deutsche Welle-სთან თავად ისაუბრეს.

გამოცემის თანამოსაუბრეები არიან ივანე და ანდრეი (სახელები მათი თხოვნით შეიცვალა). მათ შეძლეს უნგრეთიდან უკრაინაში დაბრუნება. მამაკაცებმა თქვეს, რომ ისინი 2022 წლის ივნისში დაატყვევეს და სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად ამყოფებდნენ დონეცკში, სუხოდოლსკის კოლონიაში.

საერთო ჯამში, კოლონიაში 500-მდე ადამიანს ამყოფებდნენ. მათ შორის იყო ექვსი მამაკაცი წარმოშობით ტრანსკარპატიდან. 2023 წლის ივნისის დასაწყისში ისინი ჩასვეს სატვირთო მანქანაში, თვალახვეულები და როგორც ივანე და ანდრეი ვარაუდობენ, ისინი გადაადგილდებოდნენ ლუგანსკისა და დონეცკის გარშემო, აგროვებდნენ სამხედრო ტყვეებს სხვა კოლონიებიდან. შედეგად, კიდევ ხუთი უკრაინელი ჯარისკაცი მოხვდა სატვირთო მანქანაში ტრანსკარპატიდან.

ორი დღის შემდეგ ისინი მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც დაკითხეს ეფესბეს თანამშრომლებმა. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სამხედრო ტყვეებს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ მათ არა უკრაინაში, არამედ უნგრეთში გადაიყვანდნენ. ”უნგრეთმა უთხრა რუსეთს, რომ ჩვენი ბებიები შეიძლება უნგრელები ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ მიჰყავთ თავიანთი ხალხი”, - ამბობს ივანი ეფესბეს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით. ამასთან, DW-ის თანამოსაუბრეების თქმით, 11 ტრანსკარპატიელიდან მხოლოდ ერთი იყო უნგრული წარმოშობის.

”მაგრამ მათ მითხრეს: ან ისე ლაპარაკობ, როგორც საჭიროა, რომ უნგრელი ხარ, ან უცნობია უკან დაგაბრუნებენ თუ არა”, - თქვა ანდრეიმ.

8 ივნისს სამხედრო ტყვეები თვითმფრინავით ბუდაპეშტში გაგზავნეს სტამბოლის გავლით. უნგრეთის დედაქალაქში მამაკაცები სასტუმროში სეასახლეს და სთხოვეს, ქალაქში არ გაევლოთ, სანამ არ მიიღებდნენ ლტოლვილის სტატუსს. სამხედროებს საშუალება მიეცათ, დაერეკათ ახლობლებთან და მიეწვიათ სტუმრად.

უნგრეთის წარმომადგენლებმა სამხედროებს პირობა დაუყენეს, არ დაბრუნებულიყვნენ უკრაინაში ომის დასრულებამდე და დაიმუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „ასეთი განთავისუფლება აღარ განმეორდება“.

ამის მიუხედავად, 11 ჯარისკაციდან ხუთი მაინც დაბრუნდა სამშობლოში. მათ დახმარებისთვის უკრაინის საელჩოს მიმართეს ბუდაპეშტში. იქ მათ დაეხმარნენ დოკუმენტებით, დაუთმეს დიპლომატიური მანქანა, რათა საზღვარზე გადაეყვანათ. დაბრუნებულთა შორის იყო უნგრული წარმოშობის ერთადერთი სამხედროც. დანარჩენმა ექვსმა უნგრეთში დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში განაწილდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები