პაპუაშვილის თქმით, საბერძნეთთან მოგებული მატჩის შემდეგ კობახიძის სცენაზე ასვლა "სულით ბოროტებმა" გააპროტესტეს

28-03-2024 16:23:47

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთა ლიგის ფინალში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლისას საპროტესტო შეძახილების ავტორი ორგანიზაცია "შეცვალე" იყო და მათ "სულით ბოროტი" ადამიანები უწოდა.

"ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ. ის რაც კონკრეტულმა ჯგუფმა ჩაიდინა, არ არის ქართული საქციელი. თავადვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები. ორგანიზაცია "შეცვალე" - რომელიც არ ვიცი ვისგან ფინანსდება, იმიტომ, რომ, როგორც იცით, უცხოური დაფინანსებები გაუმჭვირვალე არის ჩვენს ქვეყანაში - ნიკა გვარამიას პარტიის წევრები არიან.

ქართველები ასე არ იქცევიან. ქართველები როგორც იქცევიან ეს გამოჩნდა 26-ში სტადიონზე, სადაც 50 000 ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. [...] ზუსტად ეს ხალხი, "ნაციონალური მოძრაობის" თაობა თუ გუნდი, არის, ვისაც უნდა, რომ ხალხს ჩააშხამოს ეს დღესასწაული. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ, ვნახეთ, როგორი დაცლილია ეს ჯგუფი მორალისგან, როგორი ბოროტი უნდა იყო სულით ადამიანი, რომ ეს დაგეგმო, განახორციელო და შემდეგ თავი მოიწონო." - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ხალხს ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა, რაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა ნაწილმა შეძახილებით გააპროტესტა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები