რუსეთის პატრიარქის თაოსნობით გამართულმა კრებამ უკრაინის წინააღმდეგ ომი "წმინდად" გამოაცხადა

28-03-2024 15:36:28 მსოფლიო

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც რუსეთის პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ გაჩაღებული ომი „წმინდად“, „კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის და მის უკან მყოფი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ რუსი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ახალ ეტაპად“ გამოაცხადეს.

„სულიერ-ზნეობრივი თვალსაზრისით სპეციალური სამხედრო ოპერაცია წარმოადგენს წმინდა ომს, რომელშიც რუსეთი და მისი ხალხი წმინდა რუსეთის ერთიანი სულიერი სივრცის დაცვით ასრულებენ შემკავებლის მისიას და მსოფლიოს იცავენ გლობალიზმის მოწოლისა და სატანიზმში ჩავარდნილი დასავლეთის გამარჯვებისგან“,– ნათქვამია ყრილობის მიერ მიღებული განწესში, რომლის ადრესატი რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაა. ის მოსკოვის საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნდა.

განაწესში ნათქვამია, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულების შემდეგ, „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსეთის გავლენის ზონაში“ და „სრულად უნდა გამოირიცხოს“ ამ ტერიტორიაზე „რუსოფობიური, რუსეთისა და მისი ხალხისადმი მტრული პოლიტიკური რეჟიმის არსებობა“.

მასში ასევე ლაპარაკია „რუსულ სამყაროზე“, რომლის „საზღვრები უფრო ფართოა, ვიდრე დღევანდელი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და დიდი ისტორიული რუსეთის საზღვრები“.