პუტინმა „ბოდვა“ უწოდა NATO–ზე რუსეთის თავდასხმის მზადებას

28-03-2024 10:16:12 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტვერის ოლქში სამხედრო მფრინავებთან შეხვედრისას „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთი ნატოსთან ომს გეგმავს. შეხვედრის ვიდეოჩანაწერი რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა გვიან ღამით გაავრცელეს.

საკუთარი რწმუნება პუტინმა იმით გაამყარა, რომ მაგალითად, 2022 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდაცვისთვის 811 მილიარდი დოლარი დახარჯა, ხოლო რუსეთმა - 72 მილიარდი. „ასეთი თანაფარდობით ნატოსთან ომს ვაპირებთ?! ეს უბრალოდ, ბოდვაა“, - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ევროპა თავის მოსახლეობას რუსეთით აშინებს, რათა მეტი ფული გამოსძალოს. რუსეთის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ახსენა პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიის ქვეყნები.

"რას ამბობენ იმაზე, რომ ჩვენ ვაპირებთ შეტევას ევროპაზე უკრაინის შემდეგ, არის სრული სისულელე, საკუთარი მოსახლეობის დაშინება მხოლოდ მათთვის ფულის გამოძალვის მიზნით", - თქვა პუტინმა.

ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა და სამხედრო მაღალჩინოსანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, აუცილებლად დაესხმება თავს ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანასაც.

მოგვიანებით რუსეთის საგარეომ განაცხადა, რომ ნატო-ს ქმედებები აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში მიზნად ისახავს მოკავშირეების მომზადებას რუსეთთან პოტენციური შეტაკებისთვის.

„რუმინეთის საჰაერო ბაზის გაფართოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი აგრძელებს აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის აღვირახსნილ მილიტარიზაციას“, - თქვეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათი მტკიცებით, „კოალიციური პოტენციალის დაჩქარებული გაძლიერება ასევე მიმდინარეობს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში“:

"ასეთი აქტივობა, პროვოკაციულია, აძლიერებს სამხედრო დაძაბულობას რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე და დამატებით საფრთხეებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები