"იცოდნენ ტერაქტის მზადებაზე, ზღაპრებს ნუ ყვებიან" – ბუდანოვი ФСБ–ს ბრალდებას პასუხობს

28-03-2024 00:25:32 მსოფლიო

ტერაქტის მზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ, 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრები ნუ ჰყვებიან, - ასე ეხმიანება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რუსეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ "კროკუსზე" თავდასხმის უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა დგანან. მანამდე აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში უწოდეს სისულელე მოსკოვის ვერსიებს.

„მინიმუმ, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა მზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში. და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა,” - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი ინფორმაციით, რუსეთს ჰქონდა დეტალური ინფორმაცია, თუ საიდან დაიძვრებოდა ჯგუფი და რომელი ორი ქვეყნის გავლით აღმოჩნდებოდნენ ისინი რუსეთში.

"რატომ დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო?",– სვამს კითხვას ბუდანოვი და თავადვე პასუხობს, რომ არსებობს რამდენიმე ვარიანტი: ერთი უკავშირდება შიდა ბრძოლებს, მეორე – "მათ ბოლომდე ვერ შეაფასეს მასშტაბი, თუ რა მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალურად იქნებოდა, და ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება უნდოდათ”.

მან თქვა, რომ კრემლში მომხდარზე სამჯერ შეცვალეს ვერსია, ვინაიდან ტერაქტთან ე.წ. “უკრაინული კვალის” რამენაირად მიბმა სურდათ – რუსეთმა თავად დათესა ქაოსი და თავდაჯერებულად თვლიდა, რომ მის კონტროლირებას შეძლებდა.

„გაჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის განმარტებები, რომელმაც პირადად მე დამადანაშაულა და თქვა, რომ საერთოდ, ეს ყველაფერი უკრაინამ ქნა. ეს სისულელეა! მართლაც, თუ ამ მტკივნეულ საკითხს შევეხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტერია, მაგრამ ზოგადად, მე მხარს არ ვუჭერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს”.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტების შემკვეთი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მის უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ "ტერორისტებს უკრაინა ეხმარებოდა".

ბორტნიკოვის მტკიცებით, რადიკალების მომზადება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარეობდა და რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტებს უკრაინელი სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ".

"აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება",- უთხრა ჟურნალისტებს ბორტნიკოვმა.

მანამდე მსგავს შინაარსის კომენტარი გააკეთა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა. 25 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ვლადიმირ პუტინ აღიარა ტერაქტთან ისლამისტების მონაწილეობა, თუმცა იქვე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა უკრაინა.

22 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS K) აიღო. სწორედ ამ დაჯგუფებისგან მომავალ ტერორისტულ საფრთხეს ეხებოდა აშშ–ისა და ევროპული ქვეყების საელჩოების მიერ 7 მარტს გავრცელებული გაფრთხილება, რასაც ვლადიმირ პუტინმა მაშინ პროვოკაცია უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები