მიატოვიჩი  – "ოცნებას": საარჩევნოდ LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში

27-03-2024 22:38:30 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი ამბობს, რომ შეშფოთებულა საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, "რომელსაც “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს მათ ინიციატივაზე, შეასწორონ კონსტიტუცია და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი “საოჯახო ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების” შესახებ".

ადამიანის უფლებათა კომისარი ხაზს უსვამს, რომ დაანონსებული ცვლილებები "ააშკარავებს გამჯდარ საზიანო სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ დომინირებს ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსში, და შეუძლია ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე, LGBTI ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და მათი უფლებების დამცველებზე".

"ის ასევე LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს არჩევნებამდე გზაზე, რომელიც აქამდე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველას ადამიანის უფლებების პატივისცემას ეყრდნობა,” - თქვა მიატოვიჩმა.

ის მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, ყველა ფორმის დისკრიმინაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგულნი იყვნენ.

„ქართველ ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, სრული პატივი სცენ ადამიანის უფლებების მხრივ მათ ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, მათ შორის LGBTI ხალხის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობისთვის გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში LGBTI-ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება”, - განაცხადა მიატოვიჩმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები