მინისტრი: სახელმწიფო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ე.წ. მოტობლოკების შესყიდვაში დაეხმარება

27-03-2024 16:15:48 პოლიტიკა ,საზოგადოება

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ე.წ. მოტობლოკების შესყიდვაში დაეხმარება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას, თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს და სიმძლავრეების მიხედვით, 1200 ლარიდან 2500 ლარამდე იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება აღნიშნული ტექნიკის შეძენისთვის. ასევე, ძალიან მალე, აპრილში გამოცხადდება განაცხადების მიღება მოსავლის ამღებ ტექნიკაზე. წლებია ჩვენ ამ მიმართულებით ვეხმარებით ფერმერებს. ამ ნაწილში 10 მილიონი ლარია გამოყოფილი წელს ბიუჯეტით და ჩვენ 30%-იანი თანადაფინანსებით დავეხმარებით ფერმერებს. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა იქნება არაუმეტეს 150 ათასი ლარისა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა წლებისგან, მიმდინარე წელს დაფინანსდება ყურძნის ამღები ტექნიკაც“, - განაცხადა შამუგიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები