ბჟანიას თქმით, USAID-ის აკრძალვა რუსეთთან "სტრატეგიული პარტნიორობის" ვალდებულებაა

22-02-2024 18:53:25 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს“. ამ კონტექსტში ახსენა მან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქმიანობის შეზღუდვა.

„თუ USAID- ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2012 წლიდანაა აკრძალული...ამ არც თუ მარტივ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, საქმიანობის უფლება მივცეთ რუსეთისადმი არამეგობრულ, მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, აქ აფხაზეთის ტერიტორიაზე?“- თქვა ბჟანიამ და დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას მიმართა: „ასეა საჭირო ინალ, მკვეთრი საუბარი. დიპლომატიური ენა, რასაკვირველია მოსაწონია და მაგრამ ყოველთვის როდი ესმის საზოგადოებას და ჩვეულებრივ ხალხს. თუ ჩვენ მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს ჩვენ გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს“.

მისი თქმით, „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების წერტილი კიდევ უფრო მაღალზე უნდა იყოს".

გასული წლის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ USAID-ის პროექტები აკრძალა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები