სოხუმის აეროპორტი: ძველი სიმღერის ახალი კუპლეტი

20-02-2024 03:16:17 კონფლიქტები

ინვესტორი სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ავარიული შენობების დემონტაჟს ახორციელებს, უახლოეს ხანებში ადგილზე სამშენებლო ტექნიკასა და მუშა-ხელს შეიყვანენ, - განაცხადა ამ დღეებში პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ.

აფხაზი ლიდერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მინისტრს სამშენებლო სამუშაოების გეგმა-განრიგის წარდგენა დაავალა.

და წერტილი. კვლავ არავითარი დეტალები.

ასეთ პირობებში საქმის არსში ჩასაწვდომად იძულებულები ვართ, არანაკლებ ბუნდოვან წარსულში ვიქექოთ და საკითხის ისტორია გავიხსენოთ.

დაპირებები, რომ ერთ-ორ წელიწადში აფხაზეთში აეროპორტი ამოქმედდებოდა და აფხაზური ლაინერები მთელს მსოფლიოში დაიწყებდნენ ფრენას, დიდი ხანია, გვესმის. ამ ზღაპარს ჩვენი ხელისუფლება შესაშური რეგულარობით, ყოველი არჩევნების წინაპერიოდში გვიყვებოდა. მაგრამ გადიოდა წლები, აეროპორტი კი კვლავინდებურად არ გვქონდა.

მორიგი ეპიზოდი ზღაპრისა აეროპორტის პროექტის თაობაზე, რომელსაც „აფხაზური ეკონომიკა არნახულად უნდა აეყვავებინა“, აფხაზურმა საზოგადოებამ 2021 წელს შეიტყო. თუმცა ხელისუფლებას მაშინ პატარა იაღლიში მოუვიდა: ერთ-ერთმა ტელეოპერატორმა შემთხვევით შენიშნა და გადაიღო ვიცე-პრემიერ/ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანის ხელში დოკუმენტი, რომლის ტექსტი ნათელს ჰფენდა, რა რჩებოდა აფხაზური სახელმწიფოს საკუთრებაში სოხუმის აეროპორტის „სასწაულმოქმედი“ პროექტის რეალიზების შემდეგ.

თუ ის ტექსტი სწორად მახსოვს, ობიექტის რუსი ინვესტორისთვის გადაცემის შემდეგ აფხაზური სახელმწიფოს საკუთრების უფლება უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ აეროვაგზლის შენობასთან მისასვლელ გზაზე, №5 ნაგებობაში შესასვლელ კარსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთავარი დარბაზის ჭაღზეც.

მაშინ ხელისუფლებამ ყველაფერი კრისტინა ოზგანის ხელში შემჩნეული დოკუმენტის ტექსტის „არასწორ ინტერპრეტაციას“ დააბრალა და აგორებული სკანდალის ჩაფარცხვა მოახერხა. თუმცა კვამლი, როგორც ცნობილია, უცეცხლოდ არ ჩნდება, აფხაზურ საზოგადოებას ეჭვები არ გაუქარწყლდა და პროექტისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ძალაში დარჩა.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის 16 ივლისს პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე იმავე ოზგანმა აფხაზური სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც ვ. არძინბას სახელობის აეროპორტის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

ამასთან, ვინ გახდა აეროპორტის მფლობელი, ისევე, როგორც პირობები, რომლითაც ეს სტრატეგიული ობიექტი ვინმე რუს ინვესტორს გადაეცა, კვლავ საიდუმლოდ რჩებოდა.

2022 წელს ამ კონტექსტში რამდენჯერმე გაიჟღერა კრემლის ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას გვარმა. მაგრამ კიდევ მოგვიანებით, 2023-ის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენდა შპს «Инфраструктурное развитие» – რუსეთის შს ექს-მინისტრის, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის - რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კუთვნილი კომპანია.

ერთი სიტყვით, სოხუმის აეროპორტს (ისევე, როგორც ბევრ სხვა ფასეულობას აფხაზეთში) რუსეთი დაეპატრონა.

იკითხავთ, რაში სჭირდება ეს რუსეთს? სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს პატივს სცემს, სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ აღიარებს, აეროპორტს კოდი გაუუქმა და 2006 წლიდან მის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის დოკუმენტაციიდან ამოიღო... დიახ, ასეა, მაგრამ ამჟამინდელ პირობებში, როცა სხვა ქვეყნებთან რუსეთის ლოჯისტიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნადაა გართულებული, მოსკოვისთვის დასავლური საქნციების გვერდის ავლა, იმპორტი და ექსპორტი პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენს. კრემლელი მილიონერები კი აფხაზეთში იყიდიან ყველაფერს, რაც კი გაიყიდება, რადგან ბოლო დროს გასაგები მიზეზების გამო ბევრი ფული გამოუთავისუფლდათ, კანონიერი ინვესტირებისთვის კი ადგილებს კიდევ დიდხანს ვერ იპოვიან.

ამგვარად, რუსეთის ინტერესების ნაწილში ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგებია. მაგრამ ჩვენი - აფხაზური ინტერესი რაში მდგომარეობს?

შესაძლოა, ვინმეს ამ საინვესტიციო პროექტისადმი აფხაზური საზოგადოების პროტესტი უცნაურად ეჩვენოს. მართლაც და რომელი ნორმალური ადამიანი იტყვის უარს მშენებლობაზე? - არც ერთი! მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ეს ისტორია დასასრულის დასაწყისად შეიძლება, იქცეს.

მათთვის, ვინც თემას არ იცნობს, მოკლედ განვმარტავ მიზეზებს.

დავიწყოთ იმით, რომ აეროპორტი სტრატეგიული ობიექტია. აფხაზეთის შემთხვევაში კი ის ორმაგი დანიშნულების ობიექტიცაა: მშვიდობიან დროს - სამოქალაქო ლაინერების ფრენისთვის, ომის დროს - სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სრატეგიული ამოცანების შესასრულებლად. მსგავსი ობიექტები ყოველთვის, ხაზს ვუსვამ - ყოველთვის სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს. თუ აფხაზეთს აეროპორტის რეკონსტრუქციისა და ამოქმედების შესაძლებლობები არ გააჩნია, მაშინ ინვესტორისთვის მსგავსი ობიექტის გადაცემისას ვალდებულია, შეინარჩუნოს სახელმწიფოს უპირატესი წილობრივი მონაწილეობა. მაგრამ ამ პროექტის შემთხვევაში ეს არ გაკეთებულა. შესაბამისად, აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მხოლოდ საზიანოა ჩვენი სახელმწიფოსთვის და არავითარი სარგებელი არ მოაქვს, მათ შორის - არც ეკონომიკური. უბრალოდ ჩვენი ხელისუფლება აფხაზეთის მომავლით თამაშობს, თანაც სტრატეგიულ ობიექტებს აწესებს ფსონად.

ბოლო ვერსიით, პრეზიდენტ ბჟანიას დაანონსებული აქვს, რომ სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები არაუგვიანეს 2024 წლის ივლისში დაიწყება, ხოლო თავად აეროპორტი დეკემბრის ბოლოს ამოქმედდება.

სხვა რა დაგვრჩენია? - დაველოდოთ. რუსები ხომ აფხაზი ხალხის აზრის კითხვას არ აპირებენ, რადგან დიდი ხანია, აფხაზეთს თავის ტერიტორიად მიიჩნევენ. ჩვენი ხელისუფლება კი ბოლო დროს აღარ მალავს, რომ მისთვის მოსკოვის სურვილი კანონია - კანონი, რომელიც გაცილებით მაღლა დგას აფხაზი ხალხის ინტერესზე.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები