„სახალხო ზეიმზე“ საზოგადოებას ქართველი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებმა მიმართეს

15-12-2023 18:40:06 ევროპა

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე „სახალხო ზეიმზე“ საზოგადოებას ქართველი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებმა მიმართეს. სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

სცენაზე არ მიიწვიეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა და არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ თავისუფლების მოედანზე.

„მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო“,– ასე დაიწყო საკუთარი მიმართვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ქართულ ენაზე, რომელიც მიიწვიეს სცენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად.

მისალოცი გზავნილების შემდეგ ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა.

უნდა აღინისშოს, რომ დეპოლარიზაცია ერთ–ერთი მოთხოვნაა ევროკავშირის, რომლის დაძლევაც საქართველოს წევრობის გზაზე შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სჭირდება.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ამის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა ხალხს მოუწოდა, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, "რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები