«ტაძარი თვალწინ ნადგურდება. ხიდები ხალხითაა გადაჭედილი. ჰაერში შემზარავი სიჩუმეა”

2019-04-16 00:07:32
1072

ამ წუთებში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი ანადგურებს. ცეცხლს 400 მეხანძრე ებრძვის, თუმცა ისინი ხანძრის კერამდე ვერ აღწევენ და გარედან ცდილობენ მუშაობას. შედეგად ხანძრის ლოკალიზება მისი გაჩენიდან ორი საათის შემდეგაც ვერ ხერხდება.

პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (ნოტრ-დამი), რომელიც 1163-1345 წ.წ. აიგო, გოთიკურ სტილში შესრულებულ ერთ-ერთ პირველ ტაძრად ითვლება და ყველაზე ხშირად მონახულებადი ღირსშესანიშნაობა იყო ევროპაში. ფრანგებისთვის ეს არის სიმბოლო, ქვეყნის მთავარი ტაძარი, სიწმინდეზე მეტი. პარიზის ნოტრ-დამი ვიქტორ ჰიუგოს ცნობილ რომანში გადმოცემულ მოვლენათა განვითარების მთავარი ადგილია. აქ პარიზის არქიეპისკოპოსის კათედრა იყო განლაგებული.


აალებიდან დაახლოებით ერთ საათში ტაძრის სახურავი და კოშკურა ჩამოიშალა.  

შუა საუკუნეების კულტურის სპეციალისტი ოლეგ ვოსკობოინიკოვი განმარტავს, რომ ნოტრ-დამს ხის სახურავი ჰქონდა, რომელიც ადვილად აალდა:

«ისევე, როგორც ყველას, ძალიან მინდა, ვირწმუნო, რომ შეძლებენ ტაძრის კედლების გადარჩენას. აი, ვიტრაჟების შენარჩუნება კი ძნელად წარმოსადგენია. შუა საუკუნეებში ტაძრები სანთლებივით იწვებოდა. ისინი მხოლოდ გარედან ტოვებს მასიური, მძლავრი ნაგებობების შთაბეჭდილებას, რეალურად კი ძალზე სათუთი ქმნილებებია, ფაქტობრივად, ტონობით ხე-მასალა და არ აქვს მნიშვნელობა, რა ხნისაა ესა თუ ის ტაძარი, - ის ძალიან ადვილად იწვება" - წერს ვოსკობოინიკოვი.

შენობის მთელი კარკასი ალშია გახვეული და როგორც Le Parisien-ს ტაძრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, კარკასისგან, რომლის ერთი მხარე მე-13 საუკუნით თარიღდება, ხოლო მეორე – მე-19-თი, “შესაძლოა, აღარაფერი დარჩეს”.

რიგი სპეციალისტები უკვე წერენ, რომ ზიანი, რომელიც ლეგენდარულ ტაძარს ადგება, შესაძლოა, გამოუსწორებელი აღმოჩნდეს.

რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთის შსს-მაც გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ხანძრის ლიკვიდაცია შესაძლოა, ვეღარ მოხერხდეს.

რა არის ცნობილი ამ დროისთვის

ცეცხლი პარიზის დროით დაახლოებით 19:00 სთ-ზე ტაძრის სახურავზე გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, სახურავზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გამხდარიყო.

ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მეხანძრეებმა BFM TV-ს უამბეს, განხორციელდა ტურისტებისა და მრევლის წევრთა ევაკუაცია, შენობის პერიმეტრზე კი უსაფრთხოების კორდონი განათავსეს.

ფრანგულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

BBC-ს ინფორმაციით, გასულ წელსფრანგულმა კათოლოკურმა ეკლესიამ გააჟღერა თხოვნა სახსრების გამოყოფის შესახებ ტაძრის სარეაბილიტაციოდ, რომელიც იმ დროისთვისუკვე ნგრევას იწყებდა.

რა ხდება პარიზის ცენტრში

დიუ პელენის ბულვარი, რომელზეც ლეგენდარული ტაძარია განთავსებული, საავტომობილო და საფეხმავლო მოძრაობისთვის დახურეს. მოქალაქეები სტიქიას უმთავრესად ხიდებიდან ადევნებენ თვალს, რომელიც ხალხითაა გადაჭედილი.

ზოგიერთი მოქალაქეები ტირიან და ლოცულობენ.


 

პარიზში მცხოვრები ჟურნალისტი ნატალია გევორქიანი, რომელიც ახლა შემთხვევის ადგილზე იმყოფება, წერს, რომ მიმდებარედ უამრავი ადამიანია შეკრებილი.

«ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე მწვავდნენ. მსგავსი ტკივილი განვიცადე პარიზის ტერაქტების დროს. ამას კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით (...). შემძრა საზარელმა სიჩუმემ ბრბოში, რომელიც ხიდებსა და სანაპიროებს ავსებს», - წერს ჟურნალისტი.

 

რეაქციები

ხანძართან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა  ემანუელ მაკრონმა გადადო გამოსვლა, რომელიც პარიზის დროით 20:00 სთ-ისთვის იყო დაგეგმილი. მოგვიანებით პრეზიდენტმა დაწერა "ტვიტერში", რომ "ახლა მისი ფიქრები ყველა კათოლიკესთან და ფრანგთანაა».

პარიზის მერმა ანნ იდალგომ დაწერა, რომ წუხს "საშინელი ხანძრის" გამო და მოუწოდა პარიზის მაცხოვრებლებს, ტაძრის პერიმეტრის დაცვას "პატივი სცენ".

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.

«საშინელებაა, თვალს ადევნებდე უზარმაზარ ხანძარს პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში. შესაძლოა, მის ჩასაქრობად მფრინავი ცისტერნების გამოყენება იყოს შესაძლებელი. საჭიროა სწრაფი მოქმედება!» - დაწერა ტრამპმა"ტვიტერში".

მწუხარება გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმაც:

«სიახლე ალში გახვეული ნოტრ-დამის შესახებ პირდაპირ გულში ჭრის. ჩვენი  ფიქრები პოლიციის თანამშრომლებთან და ჩვენს ფრანგ მეგობრებთანაა. თქვენთან ერთად ვიმედოვნებთ, რომარავინ დაშავდება».  

P.S. მასალის გამოქვეყნებიდან მალევე გაჩნდა ბოლო საათების განმავლობაში პირველი სასიხარულო ინფორმაცია: მეხანძრეებმა ნოტრ-დამის საყრდენი კონსტრუქციების გადარჩენა მოახერხეს!