პარიზის სახანძრო სამსახური: "არ ვართ დარწმუნებულები, შევძლებთ თუ არა ხანძრის ჩაქრობას"

2019-04-16 00:00:28
849

პარიზის სახანძრო სამსახურში არ არიან დარწმუნებულები, შეძლებენ თუ არა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას,– ამის შესახებ "ფრანს–პრესი" იუწყება. 

"ამ დროისთვის ცეცხლი კვლავ მძვინვარებს. არ ვართ დარწმუნებულები, შევძლებთ თუ არა მის ჩაქრობას",– განაცხადეს სახანძრო სამსახურში. 

მეხანძრეთა სამსახურის პრესმდივანი აცხადებს, რომ მომავალი საათ-ნახევარი გადამწყვეტი იქნება ღვთისმშობლის ტაძრისთვის, რადგან სწორედ ამ დროში გაირკვევა, მოხერხდება თუ არა ხანძრის ლოკალიზაცია.

"Le Figaro"–ს ცნობით, ადგილზე 400-მდე მეხანძრეა მობილიზებული და ამ ეტაპზე მეხანძრეები მხოლოდ ტაძრის გარე პერიმეტრიდან ახერხებენ მუშაობას.

გამოცემა ერთ-ერთ მეხანძრეზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მისი ლოკალიზება რთულია.

საფრანგეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოში განაცხადეს, ტაძარში ხანძრის ავიაციის მეშვეობით ჩაქრობა დაუშვებელია,  რადგან ეს შენობის ჩამონგრევას გამოიწვევს.

პარიზის ვიცე-მერი აცხადებს, რომ ღვთისმშობლის ტაძარს "კოლოსალური ზიანი" მიადგა ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც ჩაინგრა ტაძრის სახურავი.

მისი თქმით, მაშველები ტაძარში შენახული ხელოვნების ნიმუშების და სხვა ფასდაუდებელი ნივთების გადარჩენას ცდილობენ.

ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარიზის პროკურორმა რემი ჰეიცმა. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია ხანძრის გამოწვევის მიზეზებზე საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრის შესაძლო მიზეზად სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც ტაძარში მიმდინარეობდა.