რუსეთმა ნატო–სთან თანამშრომლობა სრულად გაწყვიტა

2019-04-15 18:50:19
719

რუსეთ–ნატო–ს თანამშრომლობა სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებებით სრულად შეწყდა,– ამის შესახებ „რია ნოისტის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ  განუცხადა და ამაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაადანაშაულა, რომელმაც, მისი მტკიცებით, „მოსკოვთან ურთიერთობაში დღის პოზიტიურ წესრიგზე უარი განაცხადა“. სადღეისოდ არსებული ვითარება გრუშკომ „ცივ ომს“ შეადარა, თუმცა დასძინა, რომ „რუსეთ–ნატო–ს ურთიერთობებში არსებული ამჟამინდელი კრიზისი ისტორიის გამავლობაში ყველაზე ხანგრძლივია“.

„ყველა, ვინც საღად აზროვნებს, იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ნატო–ს შორის შეიარაღებული კონფლიქტი არ მოხდება, თუმცა არსებობს რისკი გაუმიზნავი ინციდენტებისა, რომელიც არასწორად აღქმული მიზნების გამო შეიძლება, წარმოიშვას“,– განაცხადა გრუშკომ.

მანამდე ევროპაში ნატო–ს ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა კერტის სკაპაროტი,. რომელიც თანამდებობას მალე დატოვებს, განაცხადა, რომ „ცივი ომის“ დროს ნატო–ს და რუსეთს უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდათ, ვიდრე დღეს.

„ცივი ომის დროს ჩვენ გვესმოდა ერთმანეთის სიგნალები. ჩვენ ვლაპარაკობდით. დარწმუნებული არ ვარ, რომ დღეს გვესმის“ - განაცხადა სკაპაროტიმ სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში.

ამერიკელი გენერლის თქმით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს მხოლოდ ორჯერ შეხვდა და რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა.

სკაპაროტის შეფასებით, როცა მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის შესაძლებლობები და განზრახვები იციან, გაცილებით დაბალია მათ შორის კონფლიქტის რისკი, ამიტომ ერთმანეთთან ურთიერთობა შეკავების მნიშვნელოვანი კომპონენტია.