"ევროპულ ოჯახში ადგილი ეროვნული ღირებულებების დაკარგვის ხარჯზე არ უნდა დავიმკვიდროთ"

2019-04-15 16:09:24
85

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპული ოჯახში ადგილის დამკვიდრება ეროვნული ღირებულებების დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, საქართველო ამ ოჯახის წევრი თავისი ტრადიციებით უნდა გახდეს.

როგორც მდინარაძე ამბობს, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ოჯახსა და ტრადიციებთან დაკავშირებით ცინიკურ დამოკიდებულებას ავლენენ, რაც მიუღებელია. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის "ოჯახის სიწმინდეს".    

“არც ერთი მიმართულებით ისეთი არ უნდა დაგვემართოს, რომ რადიკალიზმისკენ წავიდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები და იქ უნდა დავიმკვიდროთ ადგილი, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტრაციული და ეროვნული ღირებულებების დათმობის ან დაკარგვის ფონზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული სულისკვეთება იყოს, მათ შორის, ჩვენს შვილებში და ამაზე უარი არასდროს უნდა ვთქვათ. ჩვენი ტრადიციები, ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი ამ ქვეყანაში და ასე, ამ ჩვენი განსაკუთრებული ნიშნით, განსაკუთრებული ტრადიციულობით უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეს არის მიდგომა, რომელიც არ უნდა გადაიხედოს”, – განაცხადა მდინარაძემ.