სოხუმში შეგროვებული ნაგავი ქართველებით დასახლებულ გალში გადაიყრება

2019-04-15 16:02:52
490

მას შემდეგ, რაც სოხუმის ე.წ. მაიაკის მიკრორაიონის მაცხოვრებლებმა ნაგავსაყრელის გაუქმების მოთხოვნით ნაგვის პოლიგონისკენ მისასვლელი გზა გადაკეტეს, დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ოკუპირებული რეგიონის დედაქალაქში შეგროვებული ნარჩენები ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში გაიტანოს.

იმას, თუ რატომ დასთანხმდა გალის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაცია სოხუმიდან ნაგვის მიღებას, მისი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია „სპუტნიკთან“ ინტერვიუში ასე განმარტავს:

„საპროტესტო აქციების შემდეგ შესაბამისი თხოვნით სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ადგურ ხარაზიამ მოგვმართა. გადაწყვეტილება მაშინვე არ მოგვიღია. ჯერ უნდა შეგვესწავლა ნაგვის მოცულობა და ის, თუ რას გააკეთებდა დედაქალაქი, რათა ეს ჩვენთვისაც ხელსაყრელი ყოფილიყო. ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ეკოლოგები და საკითხი ერთობლივად განიხილეს. ახალ ნაგავსაყრელზე საუბარი არ არის. საუბარია ერთ–ერთ პოლიგონზე იმ ორიდან, რომელიც ისედაც გვქონდა. ძველი ნაგავსაყრელი არ გვიმუშავებს, თუმცა ჩვენ მის რეანიმირებასაც ვგეგმავთ. გალის რაიონში არსებული ნაგავსაყრელები თანხების ჩადებას მოითხოვს. ისინი შედარებით მცირე ზომისაა, ახლის ამოსათხრელად კი სახსრები არ გაგვაჩნია. ერთი ექსკავატორის ერთი დღით დაქირავება დაახლოებით 40–50 რუბლი ჯდება. ამიტომაც დროდადრო რაიონის კომუნალური სამსახურები იძულებულები არიან, ტექნიკას რუს მესაზღვრეებს დაესესხონ. როგორც აღმოჩნდა, საჭირო ტექნიკა, რომელიც ათასობით რუბლი დაგვიჯდებოდა, სოხუმელებს გააჩნიათ და მათ შემოგვთავაზეს, თუკი დათმობაზე წავიდოდით, თავად ამოეთხარათ გალის პოლიგონზე ახალი ნაგავსაყრელი, ნაგავი, რომელიც ჩვენთან მიწის ზემოთ დევს, დაემარხათ და ირგვლივაც ორმო ამოეთხარათ. ერთი სიტყვით, ეს ურთიერთსასარგებლო შეთანხმებაა“.


ნაგვის პირველი პარტია სოხუმიდან გალში 13 აპრილს ჩაიტანეს. ექსკავატორები ორმოს გაფართოებას უკვე შეუდგნენ.

ამასთან, ნადარაიამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის ნაგავსაყრელი ზღვის ნაპიზე მდებარეობს და იქ ნაგავს რუსი მესაზღვრეებიც ყრიან. მისი მტკიცებით, რუსულ სამხედრო ნაწილებს ადგილობრივი საქალაქო მეურნეობა ემსახურებათ და ისინი გადასახადს რეგულარულად იხდიან.

„ნაგვის სოხუმიდან გალის რაიონში შემოტანა – ეს დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც რაიონის ეკოლოგიას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გულრიფშის რაიონში ახალი პოლიგონის მშენებლობის შესახებ და ადგილზე ახლა წინასწარი შესწავლითი სამუშაოები ტარდება. მანამდე კი სოხუმიდან ნაგავი გალში გადაიყრება და ეს დროებითი ნაბიჯია. პოლიგონი მართლაც ქალაქის გარეუბანშია განლაგებული, თუმცა არა ზღვის ნაპირზე“, – ირწმუნება, თავის მხრივ, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავა.