სოხუმი თურქეთში მცხოვრები აფხაზების სამშობლოში ბათუმის გავლით სიარულის იდეას განიხილავს

2019-04-15 16:02:59
3622

სოხუმი თურქეთში მცხოვრები ეთნიკური აფხაზების სამშობლოში ბათუმის გავლით სიარულის იდეას განიხილავს.

პირველად ეს მოსაზრება დაახლოებით  თვენახევრის წინ დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე აფხაზმა მეწარმემ აბესალომ ქვარჩიამ გააჟღერა, რაც რეპატრიაციის საკითხთა დე ფაქტო მინისტრ ბესლან დბარის მიერ რთული ვითარების აღწერას მოჰყვა.

„იმისათვის, რომ თურქეთიდან აფხაზეთში ადლერის აეროპორტის გავლით მოხვდე, მინიმუმ, 1200 აშშ დოლარია საჭირო. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა სადღეისოდ თურქეთში მცხოვრებ საშუალო აფხაზურ ოჯახს – მამას, დედას, სამ შვილს, ჩვენთან ჩამოვიდნენ და ერთი კვირა მაინც დარჩნენ, რათა წინაპრების მიწას გაეცნონ რეპატრიაციის გადაწყვეტილების მისაღებად? ძალიან ბევრს სურს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ფინანსური საკითხების გამო სანახავადაც კი ვერ ჩამოდიან აფხაზეთში“ -განაცხადა ბესლან დბარმა.

ამ განცხადებას  ქვარჩიას წინადადება მოჰყვა: „რატომაც არ უნდა სცადონ თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა, რომელთაც ისტორიული სამშობლოს მონახულება სურთ, საკუთარი ავტომანქანებით ბათუმიდან იარონო?!“.

მაშინ ეს იდეა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა დღეს ოკუპირებულ რეგიონში უკვე ფართო განხილვის საგნადაა ქცეული.

საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ მოქმედი კანონის საფუძველზე იდევნებიან უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არა დანარჩენი საქართველოდან, არამედ რუსეთიდან გადადიან.თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს აინტერესებთ, შეიძლება თუ არა, გაჩნდეს პრეტენზიები თურქეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჯერ - თურქეთ-საქართველოს საზღვარს – სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტსგადაკვეთენ, ხოლო შემდეგ - ენგურის ხიდს?

აფხაზი მუჰაჯირების მემკვიდრე, საქველმოქმედო ფონდ „აფსნის“ პრეზიდენტი, ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „აფხაზეთის პარლამენტარების კავშირი“ ხელმძღვანელი სონერ გოგუა  იდეას პერსპექტიულად მიიჩნევს და ქართული მხრიდან ამ მიმართულებით პრობლემების შექმნას არ ელის:

„დღეს თურქეთში მცხოვრებ ერთ ადამიანს სოჭის გავლით აფხაზეთისკენ ბილეთის შესაძენად და უკან დასაბრუნებლად ვიზებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების ღირებულების ჩათვლით 1500–მდე დოლარის დახარჯვა უწევს. ამას ძალიან ბევრი ვერ გასწვდება. შემოთავაზებული გზა კი ამ მხრივ ბევრად უფრო მიმზიდველია, რადგან ფასში დიდი სხვაობაა: ამ მარშრუტით სარგებლობა 200, მაქსიმუმ 250 დოლარი ჯდება. რაც შეეხება ენგურის საკონტროლო გამშვები პუნქტის გადალახვას, ქართული მხარისთვის იგი სახელმწიფო საზღვარს არ წარმოადგენს, აფხაზური მხარე კი უშიშროების საშვს ითხოვს. ქართული მხრიდან, ვფიქრობ, დიდ პრობლემებს არ უნდა ველოდოთ, იქ ხომ ერთადერთი რამ აინტერესებთ – ყველამ მათი გავლით იმგზავროს. რამდენი ხანია, ამას თავადვე გვთავაზობდნენ, ისიც კი ითქვა, გემებმაც იარონ, ოღონდ ბათუმში შევიდნენ კონტროლისთვისო. როდესაც ეს საქართველოს გავლით ხდება, მათთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანიც კია. რაც შეგვეხება ჩვენ, ამას აფხაზეთის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი განხილვას იმსახურებს“.  

იდეას სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტშიც ფართოდ განიხილავენ. მოსაზრებები განსხვავებულია:

  • „ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს, კიდევ ერთხელ მოახდინოს აფხაზი ეთნოსის მიმართ თავისი „ლოიალობის“ დემონსტრირება, მეორეს მხრივ კი, ნაკლებ სავარაუდოა, თბილისი დაინტერესებული იყოს რეპატრიანტთა ნაკადის მასშტაბური ზრდით“;
  • „ვაი, თუ სარფიდან ენგურამდე გზაზე ჩვენს თანამემამულეებს პროვოკაციებს მოუწყობენ? ან პირიქით, საქართველო მსგავსი მგზავრობებისგან პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებს?“;
  • „და რატომ უნდა მისცეს აფხაზეთის ხელისუფლებამ ამაზე საჯაროდ თანხმობა ან განაცხადოს უარი? - მოსცადონ თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა ეს მარშრუტი და პრაქტიკა თვითონ გვიჩვენებს, რამდენად შესაძლებელი, უსაფრთხო და მიზანშეწონილი იქნება თურქეთიდან აფხაზეთში მგზავრობა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირით და უკან“.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე, რომელიც თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა, ყვება, რომ ხსენებული მარშრუტით სარგებლობის სურვილი თავად აფხაზებმა გამოთქვეს:  

„ჩემთან პირად საუბრებში თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დიდი სურვილი აქვთ, სოხუმთან მიმოსვლა ჰქონდეთ არა რუსეთის, არამედ საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების გავლით. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: მგზავრობის ღირებულება და რუს მესაზღვრეებთან ურთიერთობა – საზღვარზე „ФСБ“-ს თანამშრომლების მხრიდან დაკითხვის პროცესი საათობით გრძელდებოდა, რაც მათ დისკომფორტს უქმნიდათ. საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით კი მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა საკუთარი ავტომანქანებით შეეძლებოდათ,და ეს გზა როგორც ფინანსურად, ისე დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მომგებიანია. მაშინ მათ მთხოვეს, ამის შესახებ საჯაროდ არ მესაუბრა, ვინაიდან გზის მოსინჯვას ცდილობდნენ“ - განუცხადა "აქცენტს" ალეკო კვახაძემ.

ამ იდეას იგი ქართული მხარისთვის ცალსახად პოზიტიურად აფასებს:

„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ამ კუთხით არ დაირღვევა: თურქეთში მცხოვრები აფხაზები საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მეთოდებით შეეცდებიან აფხაზეთში შესვლას. გარდა ამისა, მგზავრობისას მათ ბათუმის, ზუგდიდის და სხვა ქალაქების ნახვა, ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტში შესვლა მოუწევთ და დაიმსხვრევა მითი იმის შესახებ, რომ "ქართველები ფაშისტები არიან", რასაც თურქეთში რუსული პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს. ამასთან, მათ უკვე თავად ექნებათ შესაძლებლობა, შეადარონ, როგორია ცხოვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დანარჩენ საქართველოში. ბევრი ისედაც არინ ნამყოფი ბათუმში, მაგრამ როდესაც ამ მარშრუტის გამოყენებას ინტენსიური სახე მიეცემა, ეს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე დადებითი მოვლენა იქნებოდა სტამბოლი–ბათუმი–ზუგდიდი–სოხუმის მიმართულებით ავტობუსის მოძრაობა, რომლითაც როგორც აფხაზები, ისე თურქეთში მომუშავე ზუგდიდის მაცხოვრებლები ისარგებლებდნენ, მაგრამ რადგან არ არსებობს მსგავსი სატრანსპორტო ხაზი, სხვა ქალაქებში გადასვლა და ისე გამგზავრება უწევთ. ქართველი და აფხაზი მგზავრები დაეკონტაქტებიან ერთმანეთს, უფრო დაახლოვდებიან. ამდენად, მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ მივესალმები. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ მეტი კომუნიკაცია უნდა აწარმოოს თურქეთში მცხოვრებ აფხაზებთან, აუხსნას მათ, რომ თუ საქართველოში დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, ბათუმიდან ზუგდიდის გავლით აფხაზეთში შესვლის კუთხით პრობლემა არ შეექმნებათ“.