"ენერგოპრო ჯორჯიას" თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

2019-04-15 12:39:01
298

"ენერგოპრო ჯორჯიას" თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ენერგეტიკოსებმა დამსაქმებლებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის 5-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის ზრდაა, თუმცა მოთხოვნებს შორისაა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაც.

„2007 წლიდან დღემდე ხელფასების მატება ფაქტობრივად არ განხორციელებულა, თუმცა სამუშაო ტექნიკურ პერსონალს დაახლოებით გაუსამმაგდა. ასევე გაზრდილია სამუშაოს მოცულობა. ძალიან ბევრი დასაქმებული ტოვებს სამსახურს და საქმის გადანაწილება დარჩენილ დასაქმებულებზე ხდება. ამასთან, არ გაიცემა ზეგანაკვეთური ანაზღაურება, არის ძალიან დაძაბული გრაფიკი, რამაც 2018 წელს ძალიან ცუდი შედეგი დადო და ათ თვეში, ყოველ თვე ზედიზედ მიყოლებით ათი გარდაცვლილი გვყავდა. ძალიან სამწუხარო არის, რომ მხოლოდ 2018 წელს მოეგო "ენერგოპრო ჯორჯიას" ადმინისტრაცია გონს და შექმნა უსაფრთხოების დეპარტამენტი", - განაცხადა "ენერგოპრო ჯორჯიას" პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩოხელმა. 

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის განცხადებით, სახელფასო სხვაობა მენეჯმენტსა და ელექტრიკოსებს შორის ძალიან დიდია. 

"ვითხოვთ, ხელფასების 50%–იან ზრდას. ქვეყენაში არსებულ ენერგო ობიექტებთან მიმართებაში "ენერგოპროს" თანამშრომლებს აქვთ ყველაზე დაბალი ხელფასი. მაგალითად, ელექტრიკოსებს, რომლებიც ძირითადად ასრულებენ მთავარ სამუშაოებს, მათ აქვთ სადღაც ხელზე ასაღები 650-670 ლარი, მაშინ, როდესაც ყველა ენერგეტიკულ ობიექტებზე 1000-1100 ლარია ხელფასის ოდენობა. მეორე უმთავრესი მომენტი გახლავთ ის, რომ ძალიან დიდი სხვაობა არის მაღალ მენეჯმენტსა და დაბალ, ასე ვთქვათ, ანაზღაურებად ძირითად სამუშაოზე დასაქმებულ პირებს შორის", - განაცხადა ამირან ზენაიშვილმა.