"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ კომპანიებს სანქციები უნდა დაუწესდეთ"

2019-04-15 12:26:05
97

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამზადებს რეზოლუციის პროექტს, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალება, ევროპის კავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი  კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით მიმართოს.

ასე ეხმიანება ოპოზიციური პარტია Airbnb-ის გადაწყვეტილებას, კვლავ განათავსოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიღებული განცხადებები.

„რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში „Airbnb” არ ოპერირებს, რადგან უკრაინამ რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესება მოითხოვა და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა „ევროპულმა საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის: Airbnb ვებ–პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც მრავალ ქვეყანაში ნებისმიერ მსურველს ბინის დაჯავშნა შეუძლია. კომპანია მსოფლიოს 191 ქვეყნის 81 000-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს.

ინტერნეტ-პლატფორმa ვიზიტორებს “აფხაზეთის ულამაზეს სანაპიროზე შისაღებ ფასად დაუვიწყარი დროის გატარებას” სთავაზობს. დასვენების მსურველებს ელიან სოხუმიც, გაგრაც, ბიჭვინთაც. Airbnb-ზე განთავსებულია გასაქირავებელი ოთახების, ბინების, სახლების ფოტოები. ფასები გასაქირავებელი უძრავი ქონების შესაბამისად მერყევობს. ერთი ადამიანისთვის ღამის გათევის ღირებულება 80 ამერიკული დოლარიდან იწყება. გამოხმაურებები ძირითადად რუსულენოვანია.

2019 იანვარში Airbnb-მ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიღებულ განცხადებებს წაშლიდა, 9 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ Airbnb სადავო ტერიტორიებიდან განცხადებებს კვლავაც მიიღებს.