ბიზნესისთვის კრიტიკული საკითხები: ბიზნესომბუდსმენის ანალიზი

2019-04-15 10:36:49
78

სხვადასხვა ბიზნეს სექტორებზე, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა კრიტიკულ საკითხად რჩება,– განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის წარდგენისას. ომბუდსმენი 2019 წლის I კვარტალში აპარატისადმი მიმართვიანობას დაეყრდნო. 

"ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მისივე თქმით, კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები.

„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება.“- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, ასევე პრობლემად რჩება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხგაუცემელი და დაგვიანებული პასუხები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე.