სუს–ი ქართული მხარის მიერ ოსი მოქალაქის გატაცებას უარყოფს

2019-04-12 13:56:59
303

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქართველმა სამართალდამცველებმა „სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გაიტაცეს“.

როგორც სუს–ში აცხადებენ, „არანაირი დაკავება არ მომხდარა“.

„პირის იდენტიფიცირების მიზნით პოლიციის მხრიდან მოხდა მასთან გასაუბრება. ცენტრალური ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას”, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა პოლიციელებმა სოფელ ზარდიაანთკარის 60 წლის მკვიდრი ზურაბ ვალიევი გაიტაცეს.  

ოსური მხარის ინფორმაციით, ქართული პოლიციის თანამშრომლებმა „სამხრეთ ოსეთის მოქალაქე“ ზურაბ ვალიევი დააკავეს და ძალდატანებით ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით ყოველგვარი მიზეზების განმარტების გარეშე წაიყვანეს, რასაც დაკავებულის თანასოფლელები შეესწრნენ.

„ზარდიაანთკარის 20 მცხოვრებისთვის,  რომლებიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას ფლობენ, შემუშავებულია საზღვრის კვეთის სპეციალური განრიგი და განსაზღვრულ დრო  საზღვრის კვეთა შეუძლიათ, ე.ი. ვალიევი თავის ნაკვეთში კანონიერ საფუძველზე იმყოფებოდა. როგორც საქართველოში ევროკავშირის მისიისა და ეუთო–ს იმ წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომლებიც „ცხელი ხაზის“ მეშევობით ჩვენი მოქალაქის გატაცების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ, მამაკაცი უკვე შინ დააბრუნეს“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა.