კვლევა კორუფციის შესახებ: მოსახლეობა ფიქრობს, რომ თანამდებობებს პირები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ

2019-04-12 13:09:33
203

მოსახლეობა ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, რომელმაც კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლია.

კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.


გამოკითხულ მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. კერძოდ, გამოკითხულთა 59 % ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.  

ამ 59%–ის 91% ფიქრობს, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება; 96%–ის აზრით, ამ ქმედების მიზანი საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობაა, 79% მიიჩნევს, რომ მიზანი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა, 58% – სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოქალაქეთა 36 % ფიქრობს, ქვეყანაში გავრცელებულია თანამდებობის გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო გამოკითხულთა 52%–ის აზრით, გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.


მხოლოდ 21% და 15% მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები გავრცელებული არ არის.

რაც შეეხება რეაგირებას კორუფციის შემთხვევებზე, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა  51% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.


42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 31% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ასეთ პირებს ამხელს.

„ამ ორი კითხვის კონტექსტში რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ. ის რესპონდენტები, ვისაც ოთარ ფარცხალაძის შესახებ სმენია, მეტწილად იზიარებენ იმ მოსაზრებებს, რომ ის კორუფციულ გარიგებებშია ჩართული, სარგებლობს ხელისუფლების მფარველობით და ინარჩუნებს გავლენას პროკურატურაზე.​​​​​​​

საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით კი, გამოკითხულთა აზრით, პროფესიონალიზმი კვლავაც არ წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარ კრიტერიუმს. რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი (31%) საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად ნაცნობობას მიიჩნევს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში.

კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვა, თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე? კითხვაზე რესპონდენტთა 58% პასუხობს – დიახ; 27% – არა; კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 15%-მა.


საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.

მმთავრთველ გუნდში აღნიშნული კვლევის სანდოობაში ეჭვი შეაქვთ.  

 „არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებშია წარმოდგენილი“, - აცხადებს ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე

მისი თქმით, „ზოგჯერ ეს ანგარიშები თავისი ფორმითა და შინაარსით პოლიტიკური ოპონირების რეჟიმს ჰგავს. რა თქმა უნდა, არის პრობლემა, საჭიროა ყურადღება და ეს არის ის მიმართულება, რაზეც მაქსიმალურად უნდა მოხდეს კონცენტრაცია“. 

ამავე გუნდის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ოფისი სუბიექტური და მიკერძოებულია.

„დავიტოვებ ეჭვის საფუძველს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევები არ იყოს მართალი. სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრს აკეთებს. ის ვალდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს ამისთვის. საქართველოს პარლამენტშიც მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე ხდება იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ამ კუთხით აუცილებელია",-განაცხადა მათიკაშვილმა.