ვის შეუძლია იპოთეკური სესხის აღება: ეროვნული ბანკის განმარტება

2019-04-12 12:46:31
2331

ეროვნული ბანკის განმარტებით, თუ მოქალაქეს ან ოჯახს შემოსავალი თვეში 2500 ლარი აქვს, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შეძენა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის მეშვეობით შეუძლია. შესაბამისი კითხვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში ვიზიტისას მიმართეს და ბანკმა დღეს დამატებითი განმარტება გააკეთა. 

„ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაკრედიტების ახალი წესებით, მხოლოდ მაღალშემოსავლიან პირებს შეუძლიათ იპოთეკური სესხით სარგებლობა, რაც სიმართლეს ცალსახად არ შეესაბამება. მაგალითისათვის, 60 კვადრატულიანიბინა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის შეთხვევაში 2500 ლარის ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირსაც/ოჯახსაც შეუძლია, შეიძინოს, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრების, მაგალითად მეუღლეების ჯამური შემოსავლები 2500 ლარს შეადგენს. ამასთან, ბინის შეძენა შესაძლებელია, როგორც საცხოვრებლად, ასევე სამომავლო გაქირავებისთვის. უფრო მცირე ზომის ბინის შეძენას ნაკლები შემოსავლის მქონე პირიც/ოჯახიც შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ლარის სესხების გაცემის კუთხით არსებული მოთხოვნები, რომელიც დაკრედიტების ახალი წესებით არის განსაზღვრული, დიდწილად თანხვედრაშია კომერციულ ბანკებში არსებულ შიდა მოთხოვნებთან“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

უწყებაში მცდარს უწოდებენ საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მნიშვნელოვნად გართულდა იპოთეკური სესხების აღება.

„რეალურად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის თანახმად, „სირთულის“ არსი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შესწავლაშია. სესხები, მათ შორის იპოთეკური უნდა გაიცეს იმ პირებზე, ვისაც მისი მომსახურების უნარი აქვთ. თუკი მსესხებელს რამე ტიპის შემოსავლები გააჩნია, ფორმალური თუ არაფორმალური, ისინი შეძლებენ სესხის აღებას“, – აღნიშნავენ ბანკში.