ეს პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას — აჭარის ტელევიზია განცხადებას ავრცელებს

2019-04-12 09:22:35
149

"მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას" - ასე ეხმაურება აჭარის ტელევიზია მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნას, ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა. მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.", — წერია ტელევიზიის გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა (ირაკლი დარცმელიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გიგა ჩხარტიშვილი - ქართული ოცნება) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად.

მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია 10 დღის ვადაში განიხილოს ეს განცხადება.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.

მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.

წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება"