აფხაზეთში ევკალიპტს ახალი მწერი ანადგურებს

2019-04-11 17:08:47
198

ოკუპირებული აფხაზეთის დეკორატიულ ფლორას ახალი ინვაზიური მავნებელი ემუქრება, რომელიც ევკალიპტის ფოთლებს ანადგურებს.

ოკუპირებული აფხაზეთისთვის ახალი მწერი  – ოფელიმუსი გაგრის რაიონში წელს აღრიცხეს, 2014–2015 წლებში კი იგი რუსეთის კრასნოდარის მხარეში იყო შემჩნეული.

როგორც აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარი აღნიშნავს, ხნიერ მცენარეებს ეს მავნებელი მომაკვდინებელ საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ძალზე საშიშია ახალგაზრდა ევკალიპტისთვის.

მისივე თქმით, ფაროსანასგან განსხვავებით ეს მწერი მხოლოდ ევკალიპტს ერჩის. დე ფაქტო ხელისუფლება მასთან ბრძოლას უმთვრესად ქიმიკატების გამოყენებით გეგმავს, თუმცა არ მალავს, რომ მაღალღეროიანი ევკალიპტის დამუშავება საკმაოდ რთული იქნება არა მარტო ძნელადმისადგომობის, არამედ იმის გამოც, რომ ეს ხეები უმთავრესად საკურორტო ზონაში ხარობს და ტერიტორიის ქიმიკატებით დამუშავებამ შესაძლოა, დამსვენებელთა ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. აქედან გამომდინარე, დბარის თქმით, უნდა მოიძებნო ბრძოლის ბოლოგიური მეთოდები და ამ მხრივ უპირველესად, ოკუპირებულ რეგიონში იმ პარაზიტის შეყვანა განიხილება, რომელიც ოფელიმუსს გაანადგურებს.

ამასთან, მისივე თქმით, ამ  მიმართულებით სამუშაოების საწარმოებლად აუცილებელია სპეციალიზებული ლაბორატორია სასარგებლო ორგანიზმების აკლიმატიზაციის ინტროდუქციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს კი იგი ამ ეტაპზე არ გააჩნია.