ტარიელ ონიანის დაკავება: დიდი სისხლისღვრა მხოლოდ დროებით გადაიდო

2019-04-11 15:26:58
3401

10–წლიანი პატიმრობის შემდეგ ქართველი "კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის რამდენიმესაათიან თავისუფლებას კვლავ დაპატიმრება მოჰყვა [სასჯელს იხდიდა რუსულ ე.წ. "შავ დელფინში", სადაც სამუდამო პატიმრობამისჯილები ჰყავთ მოთავსებული]. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი დაკავების საფუძვლად იქცა მოთხოვნა ესპანეთისა, სადაც მას დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაციისთვის (ონიანს ესპანეთში ძირითადად სამშენებლო ბიზნესი აქვს, თუმცა მის კომპანიებს ესპანური პოლიცია „სამრეცხაოს“ უწოდებს, თვლის რა, რომ იქ ფული თეთრდება) 2006 წლიდან ეძებდნენ. თუმცა საქმეში ჩახედულ პირებს სხვა ვერსია აქთ – რუსულ ФСБ-ს კრიმინალურ სამყაროში მის მიერ დამყარებული „წესრიგის“ არევა არ სურს.

ტარიელ ონიანი

მოგეხსენებათ, „ქურდული სამყაროს“ წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცეში ძირითადად სწორედ რუსეთშია წარმოდგენილი.  „კანონიერ ქურდ“ შაქრო კალაშოვის დაკავების შემდეგ კრიმინალურ სამყაროს დღის წესრიგში #1 ქურდის («#1 ქურდობა» ე.წ. ქურდული სალაროს - „ობშიაკის“ კონტროლსა და ძალაუფლებას ნიშნავს) არჩევის საკითხი დაუდგა და როგორც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ირაკლი ქადაგიძე ამბობს, «ტახტის» დაკავების პრეტენდენტებს შორის ძირითადად სლავური წარმოშობის „კანონიერი ქურდები“ იყვნენ.

ირაკლი ქადაგიძე

ამ ფაქტს იგი ერთი შეხედვით - უჩვეულოდ, რეალურად კი მართულ პროცესად მიიჩნევს: უჩვეულოდ - იმიტომ, რომ ამ სახეობის კრიმინალურ სამყაროს მნიშვნელოვანწილად ყოველთვის გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდები“ წარმოადგენდნენ, მართულად კი - იმიტომ, რომ „ქურდულმა სამყარომ“ ФСБ-ს მოთხოვნით თუ თხოვნით „არჩევნები“ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე გადადო, - როგორც ჩანს, ФСБ მოერიდა საარჩევნო პერიოდში იმ სისხლისმღვრელ პროცესებს, რომელიც თან ახლავს ხოლმე  #1 «ქურდობისთვის» ბრძოლას. 

„ის, რომ „ქურდული სამყარო“ წარმოდგენილია სხვადასხვა ხელისუფლებებში, სიახლე არაა და მსგავსი გამოცდილება საქართველოსაც აქვს. არც ისაა სიახლე, რომ პოლიტიკოსები კრიმინალურ სამყაროს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ეს  ათმაგად ახასიათებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმს. რუსეთში ახლა შემოიღეს ის კანონი, რომელიც ჩვენ 2005 წელს [„კანონიერი ურდობა“ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით] და მას ინტერესის მიხედვით გამოიყენებს“,– ამბობს ქადაგიძე.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ – 2018 წლის აგვისტორში ლუჟნიკების მიდამოებში [მოსკოვი], ერთ–ერთი ხომალდის რესტორანში მასშტაბური „ქურდული შეკრება“ შედგა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასილი ხრისტოფოროვი (მეტახელად „ვასია აღდგა“), დიმიტრი ჭანტურია („მირონი“), ოლეგ შიშკანოვი („შიშკან“), მიხეილ ვოევოდინი („მიშა ლუჟნეცკი“), ალექსეი პეტროვი („პეტრიკი“), სერგეი აქსიონოვი („აქსიონი“), ბადრი კოღუაშვილი („ბადრი ქუთაისკი“), მერაბ გოგია („მელია“), კახაბერ ფარფალია („კახა“), ელგუჯა თურქაძე („გუჯა ქუთაისკი“) და ამ შეხვედრაზე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა უმრავლესობამ „მთავარ ქურდად“ ოლეგ შიშკანოვი აირჩია, თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში ერთსულოვნება არ ყოფილა. კერძოდ, საკუთარი პრეტენზიები აქვს ტარიელ ონიანს მოკავშირეებთან ერთად.

ოლეგ შიშკანოვი 

უნდა ითქვას, რომ არც თავად ონიანის საქმეა «უპრეტენზიო»:  „კანონიერი ქურდები“ მას «კოლეგების»  – ვიაჩესლავ ივანკოვისა (მეტსახელად „იაპონჩიკა“, 2009 წელს მოსკოვში მოკლეს) და ჰასან უსოიანის  (მეტსახელად „დედ ჰასანი“, 2013 წელს მოსკოვში მოკლეს) მკვლელობებს ედავებიან.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ონიანისთვის „სტატუსის მოხსნაც“ სცადეს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მას „ბრალი ვერ დაუმტკიცდა“, მეორეს მიხედვით კი, შეხვედრა, რომელზეც ეს საკითხი უნდა განხილულიყო, რუსულმა პოლიციამ „დაარბია“. მაშინ სამართალდამცველებმა ათეულობით „კანონიერი ქურდი“ ერთდროულად აიყვანეს.

ასეა თუ ისე, გავლენებისთვის დავა გრძელდება და ამ საკითხში შიშკანოვს, რომელიც თავის დროზე ონიანის მხარდამჭერად მოიაზრებოდა, მხარს გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდები“ ლაშა შუშანაშვილი და შაქრო კალაშოვი უჭერენ.

ლაშა შუშანაშვილი დაკავების დროს, პილაია, 16.04.2018

ამდენად, ონიანის გათავისუფლების შემდეგ საქმეში ჩახედული პირები დიდ სისხლისღვრას  – "მესამე მსოფლიო ომს" პროგნოზირებდნენ.

„ონიანის დაკავებით ეს პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა ყველაფერი წინაა: რუსეთის ხელისუფლებას, ბუნებრივია, არ აწყობს მის მიერ დამყარებული წესრიგის არევა და სავარაუდოდ, ონიანის ესპანეთში ექსტრადაციას შეეცდება. ეს საკითხი მაისში გაირკვევა. ესპანეთში კი ონიანი ბევრად უფრო თავისუფალი იქნება, ვიდრე რუსეთში იყო, სადაც უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაში მოიქცია თავი“,– ამბობს ქადაგიძე.