უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა

2019-04-11 13:48:01
136

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სტამბულში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამართულ  ქართულ-აფხაზურ საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს  ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში პოტენციური სამარხების ადგილმდებარეობის  შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, ქართველმა და აფხაზმა მონაწილეებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. საუბარი სამარხების მოძიებასა და ნეშტების ექსგუმაციაში მიღწეულ პროგრესსაც შეეხო.  

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიაწოდონ ინფორმაცია 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, ასევე სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ, შემდგომში მათი მოძიებისთვის“, – აცხადებენ უწყებაში.

ორმხრივი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ჯამში 129 სამარხის გახსნა და 431 პირის ნეშტის ექსჰუმირება მოხერხდა.  დღეისათვის იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.