სოხუმი საქართველოს მოქალაქეებს მემკვიდრეობის უფლებას ართმევს

2019-04-10 18:55:41
349

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს მოაქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის უფლებებს უზღუდავს. 

ცვლილებები დე ფაქტო სამოქალაქო კოდექსში შედის, მათი ინიციატორი კი დე ფაქტო პარლამენტის წევრი რაულ ლოლუაა.

მისი განმარტებით, "ომის ვეტერანებს გაუჩნდათ კითხვა, რატომ იფორმებენ ქონებას საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ომის დაწყებამდე ცხოვრობდნენ, შემდეგ კი წავიდნენ".

"მემკვიდრეობის უფლების" შესახებ მოქმედი რედაქციის თანახმად, "პირებს, რომლებიც იბრძოდნენ (იბრძვიან) აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ ბრძოლებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ან სხვა სახით უჭერდნენ მხარს საოკუპაციო ძალებს, მემკვიდრეობის უფლება უწყდებათ".

ლულუას მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში კი მითითებულია, რომ მემკვიდრეობის უფლება უნდა ჩამოერთვათ არა მარტო ბრძოლებში მონაწილე პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.