გირგვლიანის საქმე: რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა მოსამართლე მურუსიძემ

2019-04-10 15:51:29
313

მართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდების მთავარი ადრესატი გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე გახდა. ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა იგი გირგვლიანების წინააღმდეგ მოქმედებაში და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებასთან ალიანსში დაადანაშაულა.

9 აპრილის სატელევიზიო ინტერვიუში ივანიშვილმა გაიმეორა ლევან მურუსიძის [იმხანად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე] არგუმენტი, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შავგულიძემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოს ნაცვლად, უზენაესში გაასაჩივრა და ამით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა მოსპო.

„მურუსიძე კანონმდებლობას ვერ გადაახტებოდა. დღეს შარს სდებენ მურუსიძეს“,– განაცხადა ივანიშვილმა. 

იმის გარკვევას, რამდენად მართებული იყო როგორც შავგულიძის, ისე მურუსიძის ქმედებები და, შესაბამისად, რამდენად სწორია ივანიშვილის განცხადება, “აქცენტი” იურისტებთან შეეცადა.

გირგვლიანის საქმე

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მრავლობითი დაზიანებებით ოქროყანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი დააკავეს. მართლმსაჯულებამ მათ 7-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება შეფასდა, როგორც „შარდენ ბარის“ გასასვლელთან წარმოქმნილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება. მოგვიანებით დაკავებულები პრეზიდენტმა შეიწყალა.

სანდრო გირგვლიანის ოჯახი კი მკვლელობის დამკვეთებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს - ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს თაკო სალაყაიას ასახელებდა, ხოლო უშუალო შემსრულებლად - ოლეგ მელნიკოვს.

მოგვიანებით სარჩელი „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. ევროსასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სასამართლო “გაოგნებული” იყო იმ “შეთანხმებული ქმედებით, რომელსაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მიმართავდნენ“, რათა „ამ საზარელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

2012 წელს საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმეზე გამოძიება განახლდა. ამ დროისთვის სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 9 პირის, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, იმხანად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის და ძმები დათა და ბაჩანა ახალაიების მიმართ. 

რატომ არ გაასაჩივრა ადვოკატმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში

„ეტყობა, ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება სასამართლო სისტემაში მის მიერ მართული მოსამართლეების შენარჩუნება და საზოგადოების თვალში დადებითად წარმოჩენა, რომ სიცრუეს და ბინძურ ცილისწამებას არ ერიდება“,– პასუხობს ივანიშვილს თავად შალვა შავგულიძე.

იგი განმარტავს, რომ 2006 წელს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო, მოეთხოვა მსჯავრდებულის ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება დანაშაულში სხვა პირთა სამხილებლად; გირგვლიანების ოჯახს პრეტენზია გამოძიების არაობიექტურად წარმოებასთან დაკავშირებით ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ დანაშაულის სრული სურათი არ იყო აღდგენილი:

„ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ მსჯავრდებულთათვის არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისთვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა, ეს კი არ შედიოდა დაზარალებულთა ინტერესში. მათი ინტერესი იყო ყოველმხრივი გამოძიებისა და სასამართლო პროცესების სწორი კვალიფიკაციით ჩატარება, ასევე იმ პირთა გამოვლენა, ვის მიმართაც საფუძვლიანი ეჭვები არსებობდა. ჩვენ ამ საქმის ჩიხში შეყვანის საშიშროებას ავირიდეთ თავიდან“.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში არ გაასაჩივრებდა, შავგულიძის განმარტებით, არსებობდა მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო ვარიანტი:  

„თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანდა პროკურორი ან რომელიმე მსჯავრდებული, ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი – სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო ინსტანციაში [უზენაესი სასამართლო – ბოლო ინსტანცია ქვეყნის შიგნით] გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასეც განვითარდა“.

იმ შემთხვევაში, თუ არც პროკურორი და არც რომელიმე მსჯავრდებული გაასაჩივრებდა განაჩენს, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, თუმცა, როგორც შავგულიძე განმარტავს, დაზარალებულს მაინც რჩებოდა შესაძლებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ევროპული კონვენციის მე–13, მე–6 და მე–2 მუხლების (უფლება ეფექტურ ზომაზე, სამართლიანი სასამართლოს  და სიცოცხლის უფლება) დარღვევასთან დაკავშირებით მიემართა.

„შექმნილ ვითარებაში ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციოში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც. შემდგომში ევროპული სასამართლოსადმი წარდგენილ საჩივარში ავხსენით, თუ რატომ არ გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, დავასაბუთეთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არაეფექტური იყო მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად და დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად. ევროპის სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, დასაშვებად სცნო საჩივარი და არსებითად განიხილა იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული სასამართლო დაუშვებლად სცნობდა ჩვენს საჩივარს, ან ხარვეზზე მიუთითებდა. ტაქტიკამ გაამართლა და ეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული” - ამბობს შალვა შავგულიძე.

ამ დასკვნაში მას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიცატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეც ეთანხმება, რომლის შეფასებით, შავგულიძის ქმედება სტრატეგიულად სწორი იყო, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კი - არსებული რეალობის არასწორი ინტერპრეტაცია:

«შალვა შავგულიძის გადაწყვეტილება იყო სტრატეგიული ნაბიჯი და ამან რომ გაამართლა, ნათლად დადასტურდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით: სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს მოქმედება იყო სწორი. ასე რომ არ ყოფილიყო, სტრასბურგის სასამართლო სარჩელს განსახილველად არ მიიღებდა“,– განუცხადა „აქცენტს“ მშვენიერაძემ.

შეეძლო თუ არა მოსამართლე მურუსიძეს დაზარალებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის ხელახალ სასამართლო განხილვაში დაბრუნება

შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მურუსიძეს დაზარალებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის ხელახალ სასამართლო განხილვაში დაბრუნება შეეძლო:

„რა თქმა უნდა, შეეძლო. საკასაციო ინსტანციის წინაშე ერთადერთი მოთხოვნა დავაყენეთ:  მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიების, ასევე ქვემდგომ ინსტანციებში სასამართლო განხილვების არასრულად და ტენდენციურად  ჩატარების გამო საქმე ხელახალი განხილვისთვის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნებულიყო. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში საკასაციო სასამართლოს ხელს არანაირად არ უშლიდა ის გარემოება, რომ ჩვენ სააპელაციო ინსტანციაში საჩივარი არ გვქონდა წარდგენილი: საჩივრის არწარდგენა არ გვართმევდა უფლებას, როგორც სუბსიდიურ ბრალმდებლებს, სრულფასოვანი მონაწილეობა მიგვეღო სააპელაციო პროცესში როგორც პროკურორის, ისე მსჯავრდებულთა საჩივრის განხილვისას, რაც ჩვენ განვახორციელეთ კიდეც – სააპელაციო პროცესში ვმონაწილეობდით. ჩვენ რომ საკასაციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არ გვქონოდა, ასეთ შემთხვევაში საკასაციო ინსტანციას წარმოებაშიც არ უნდა მიეღო ჩვენი საჩივარი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, არსებითად მაინც არ უნდა ემსჯელა მასზე და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალურ შეუძლებლობაზე მითითებით. საკასაციო ინსტანციამ კი უდიდესი ნაწილი ჩვენი საჩივრის არსებით განხილვას და იმის დასაბუთებას დაუთმო, რომ მოცემული საქმე როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე ქვემდგომ სასამართლოებში ნაწარმოები იყო ყოველმხრივად სრულად, ობიექტურად და რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენი იყო დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. ბატონმა მურუსიძემ ასე შეაფასა ის სამართალწარმოება, რომელმაც შემდეგ ასე აღაშფოთა ევროპული სასამართლო“,– აცხადებს შალვა შავგულიძე.

რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა მოსამართლე ლევან მურუსიძემ

გიორგი მშვენიერაძე  მიუთითებს რამდენიმე ნაბიჯზე, რომლის გადადგმაც შეეძლო მოსამართლე მურუსიძეს და იქვე აღნიშნავს, რომ ეს არასრული ჩამონათვალია:

„საკასაციო საჩივარში დაყენებული იყო მოთხოვნა, მოსამართლე მურუსიძეს საქმე სააპელაციო სასამართლოში დაებრუნებინა, რადგან ყველა მტკიცებულება არ იყო წარმოდგეილი. ამ მტკიცებულებების თაობაზე შუამდგომლობები არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა დააკმაყოფილეს. საუბარი იყო მობილური ტელეფონების ანძებზე. ამ მტკიცებულებებს შესაძლოა, დანაშაულის კვალიფიკაციაზე ემოქმედა. იმჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით, მურუსიძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, უფლება ჰქონდა, საქმე აპელაციაში დაებრუნებინა, მიეთითებინა, „მტკიცებულებები არ არის ამოღებული, ამოიღე, გადაამოწმე და მერე განიხილე საქმეო“. მას ეს შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა".  

გარდა ამისა, მისი თქმით, თუ ლევან მურუსიძე თვლიდა, რომ რომელიმე კანონი აბრკოლებდა, ან მიაჩნდა, რომ თავად სხვაგვარი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მაგრამ იყო საკითხები, რომლებიც მისგან დამატებით მსჯელობას მოითხოვდა, მას შეეძლო, საკუთარ გადაწყვეტილებაში ამ საკითხებზე მსჯელობისთვის დაეთმო ადგილი, მათ შორის - იმისთვისაც, რომ გამოძიების პროცესში ხარვეზები იყო დაშვებული და ამ ხარვეზების გასწორება მას არ ხელეწიფებოდა; თუ თვლიდა, რომ რომელიმე ნორმა არაკონსტიტუციური იყო და ეს აბრკოლებდა, როგორც მოსამართლეს, შეეძლო, საკონსტიტუციო სასამართლოში წასულიყო და კონკრეტული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოეთხოვა.

"ამდენად, საუბარი იმაზე, რომ მას არაფრის გაკეთება შეეძლო, აბსურდულია. უბრალოდ ის ასე არ თვლიდა და ეს არც გაუკეთებია“ - ასკვნის მშვენიერაძე.