NGO-ები პარლამენტს ჰესების მშენებლობის შესახებ მთავრობის ინიციატივის ჩაგდებას სთხოვენ

2019-04-10 11:00:07
101

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს სთხოვს, მხარი არ დაუჭიროს მთავრობის ინიციატივას დაცულ ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობის შესახებ.

„იმ პირობებში, როდესაც არ გაგვაჩნია ენერგეტიკის ცალსახა პოლიტიკა, არ გაგვაჩნია მდგრადი განვითარების პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ვერ ვენდობით მთავრობის დისკრეციულ გადაწყვეტილებას, რომ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულ იქნას მსგავსი პროექტების მშენებლობა. შეიძლება, გარკვეული ინტერესები არსებობდეს ამ ტერიტორიაზე ენერგეტიკული პროექტების განვითარების და რა თქმა უნდა, შეიძლება, კონკრეტული კერძო პირების ინტერესებიც გამოიკვეთოს", - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ეთო გვრიტიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ამბობს, რომ აუცილებელია შეიქმნას დაცული ლანდშაფტები თრუსოსა და არაგვის ხეობაში, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ დაშვებული იქნას დიდი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. 

"გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ დაცულ ლანდშაფტში იყოს დაშვებული ასეთი მშენებლობები. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ დიდი მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებზე არის საუბარი. აუცილებელია, შეიქმნას დაცული ლანდშაფტები თრუსოს ხეობაში და არაგვის ხეობაში, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დაშვებული იქნას ამ დაცულ ლანდშაფტებში დიდი ენერგეტიკული პროექტები", - განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტი მთავრობის შესაბამისი ინიციატივის განხილვას დღეიდან იწყებს.