თამარ ჭოველიძის მამამ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

2019-04-09 20:26:31
363

1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ - არკადი ჭოველიძემ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი პროტესტი იმას მოჰყვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ამოკითხვისას თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა.

„ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დამიძახეს.“- განაცხადა არკადი ჭოველიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ჭოველიძის გვარი სიაში იყო და მომხდარს ტექნიკური შეცდომა უწოდა. მიღების დასასრულს პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანის სია ხელახლა წაიკითხა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა. მიღებას არ ესწრებოდა ასევე 9 აპრილის მოვლენების მსხვერპლი  ეკა ბეჟანიშვილის ოჯახი. როგორც მოისწრაფიშვილმა განმარტა, ოჯახთან კონტაქტზე გასვლა ვერ მოხერხდა.