9 აპრილის გმირების ისტორიები: „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ ამქვეყნად კვალი არ დატოვოს“

2019-04-09 13:15:37
148

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

მომხდარის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი: აზა ადამია– 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი– 16 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე –28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 25 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 33 წლის; თამარ მამულიშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე – 22 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის;  მანანა მელქაძე – 23 წლის; გია ქარსელაძე – 25 წლის.

გარდა ამისა, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით შექმნილი ინტერნეტ–გვერდი „მადლობა თავისუფლებისთვის“ რიგი დაღუპულების შესახებ საინტერესო ისტორიებს აქვეყნებს:

ეკა ბეჟანიშვილი – 16 წლის

ეკას, კომაროვის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს, მომავალი პროფესია უკვე არჩეული ჰქონდა: საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება.

ბავშვობიდან იზიდავდა ტექნიკური საგნები. მუსიკის სიყვარულში ამას ხელი არ შეუშლია - მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა, ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა. მხიარული ბუნებისა იყო და უმეტესად ასეთივე ნაწარმოებებს ასრულებდა. ცეკვაზეც დადიოდა. განსაკუთრებით უყვარდა „შალახო“. აქტიური, ბობოქარი, ემოციური გოგონა იყო, თუმცა, იმავდროულად, დამთმობიც.

ფეხბურთი იტაცებდა და თვითონაც სიამოვნებით თამაშობდა ეზოში.

ზრუნავდა ადამიანებზე, ბუნებაზე. ერთხელ, დავითგარეჯში ექსკურსიაზე ჩასულმა, საკუთარი ხელით დაასუფთავა იქაურობა. თუ ვინმე ცუდად იყო ან რამე უჭირდა, ყველას შინ წაყვანაზე ოცნებობდა - დედა მოუვლისო.

წერდა დღიურებს, სადაც ბევრ საინტერესო ფრაზას ამოიკითხავდით. აი, ერთი მათგანი: „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ ამქვეყნად კვალი არ დატოვოს“.

 

ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის 

 

მეგობრები დონ კიხოტს ეძახდნენ, ოჯახის წევრები - კეთილ დევს. სპორტული, ათლეტური აღნაგობის კაცი იყო. ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა და სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დიდხანს მუშაობდა სპორტკომიტეტში. მისი ინიციატივით გაიმართა პირველი ჩემპიონატი აერობიკაში. უყვარდა სპორტული წიგნებისა და ენციკლოპედიების კითხვა. თავადაც წერდა სტატიებს, რომლებიც „ლელოში“ იბეჭდებოდა. სპორტულ კროსვორდებსაც ადგენდა ამავე გაზეთისთვის. ზრუნავდა პენსიონერ სპორტსმენებსა და ბავშვებზე. თიანეთში პატარებისთვის შეჯიბრებებს მართავდა და გამარჯვებულებს თავისი ნაყიდი სუვენირებით აჯილდოებდა.

არ სვამდა და არ ეწეოდა, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა. მის მაცივარში ყოველთვის იდგა ერთი ბოთლი რძე.

ერთხელ, ტურისტულ ლაშქრობაში, ტანია ჰოფმანი გაიცნო, რომელთანაც შვილიც შეეძინა. მათ სიყვარულს დაბრკოლებად მანძილი გადაეღობა. ტანია უფაში ცხოვრობდა. ნოდარი ხშირად ჩადიოდა მათ სანახავად.

 

ზაირა კიკვიძე – 60 წლის

 

მხიარული ქალბატონი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა და ხშირად დადიოდა მივლინებებში. არაფრით გაუშვებდა ხელიდან ახალი სპექტაკლის ან ფილმის ნახვის შესაძლებლობას, შემდეგ კი განხილვის დრო დგებოდა...ზაირა უყვარდათ, რადგან თავად იცოდა განსაკუთრებული სიყვარული. შეეძლო, თერთმეტი წლის განმავლობაში შორიდან ჰყვარებოდა თანაკურსელი, რომელთან ერთადაც შექმნა კიდეც ოჯახი. ზაირა შინაც მეგობრული იყო. მაგალითად, მისმა რძალმა ნანამ სწორედ ზაირას წყალობით აღმოაჩინა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი და მისივე მხარდაჭერით ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში. სიახლეების არ ეშინოდა. ორმოცი წლისამ გადაწყვიტა ცურვა ესწავლა. კიდევ უფრო გვიან გაიჩინა ახალი ჰობი - ქსოვა. ყველაფერი გამოსდიოდა. აინტერესებდა ფსიქოლოგია. წარმოშობით რაჭველი იყო, თუმცა ბოლო ხანს განსაკუთრებულად შეუყვარდა თელავი. პენსიაზე გასვლის შემდეგ მეუღლესთან ერთად იქ დასახლებაზე ოცნებობდა. ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ დღეს თელავის ერთი პატარა ქუჩა მის სახელს ატარებს. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი დემონსტრაციიდან შინ დაბრუნებულმა თქვა - „იცით? მგონი, მართლა ვთავისუფლდებით“.  

9 აპრილის ტრაგედიამ საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს ჩაუყარა საფუძველი. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.