თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავი ქალის წინააღმდეგ სასამართლო დავას წყვეტს

2019-04-05 19:15:26
233

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს უკან გამოითხოვს,–  ამ შედეგით დასრულდა ეკატერინე ქვლივიძის შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან.

"ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული: თავდაცვის სამინისტრო სარჩელს გამოიხმობს. პარალელურად, ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით მექნება საშუალება, რომ სამოქალაქო განხრით ვიფრინო, ჩემი კვალიფიკაცია შევინარჩუნო. ასევე, მზაობა გამოვხატე, რომ გორში, სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეულმა სპეციალისტმა ლექციები ჩავატარო და მომავალ თაობას ვასწავლო. როგორც კი პრაქტიკული ფრენების განხორციელების საშუალება მექნება, როგორც მფრინავს, თავდაცვის სამინისტროში დავბრუნდები და აღვდგები, როგორც სპეციალისტი სამხედრო კადრი. ცუდია, რომ აქამდე ვერ შედგა ჩვენი მოლაპარაკება, ამა თუ იმ ფაქტორების გათვალისწინებით. დღევანდელი მოლაპარაკება გონივრული და შედეგზე ორიენტირებული იყო", განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკატერინე ქვლივიძემ.

ცნობისთვის: კონტრაქტის ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო სამინისტრო ყოფილი თანამშრომლისგან 28 000 ლარის გადახდას ითხოვდა.