ცხინვალელი მაღალჩინოსნები წინასაარჩევნოდ სექს–სკანდალებში გაეხვნენ

2019-04-04 13:58:58
1422

წინასაარჩევნოდ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სექს-სკანდალი აგორდა დე ფაქტო მაღალჩინოსნების, მათ შორის "პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის მონაწილეობით. 

თედეევი და ტადტაევი

უსიამოვნო ინციდენტში გაეხვა, კერძოდ, დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი და მმარველი პარტია "ერთიანი ოსეთის" თავმჯდომარე ალან ტადტაევი. როგორც ირკვევა, მისი მეუღლე და შვილი სამუშაო საათებში დე ფაქტო უწყებაში გამოცხადდნენ და ერთ-ერთ თანამშრომელ ქალბატონს დაესხნენ თავს, რომელიც ტადტაევთან დასაშვებზე უფრო ახლო ურთIერთობებშია შემჩნეული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო მინისტრის შვილი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, მეუღლემ კი სახე სამართებლით დაუსერა.

ბიბილოვი და გასიევი 

მეორე სკანდალი დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს პეტრე გასიევს ეხება. არაოფიციალური ინფორმაციით, თანაპარტიელი ქალბატონი დაოჯახებული დე ფაქტო მაღალჩინოსნისგან შვილს ელოდება.


წინასაარჩევნოდ არანაკლებ განხილვადი მესამე სკანდალის ფიგურანტი თავად დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვია. სოცქსელების ოსი მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ  მის  სავარაუდო სასიყვარულო ურთიერთობებს ბევრად უმცროს ქალბატონ ალანა ბიოდროვასთან.  ირკვევა, რომ წყვილი ურთიერთობებს დიდად არც მალავს: ბიბილოვს გულისსწორი თითქმის ყოველთვის თან ახლავს სხვადასხვა ღონისძიებებზე, ისინი საერთო ფოტოებსაც იღებენ, რომელთაც ბიოდროვა სიამოვნებით აქვეყნებს სოცქსელში.    


ანალოგიურ სკანდალში გასული წლის ზაფხულში „ერთიანი ოსეთის“ წევრი დეპუტატი ბახვა თედეევი გაეხვა. მოსახლეობაში მოარული ინფორმაციის თანახმად, იგი არასრულწლოვან საყვარელთან ერთად ცხინვალის თავზე არსებული მუხნარიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თანაც არა ადგილობრივ კლინიკაში, არამედ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ჰოსპიტალში. ვითარებას განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენდა ის გარემოება, რომ ამ ამბის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე ოსურმა სადეპუტატო კორპუსმა ორი სხდომა ჩაატარა ახალგაზრდობის მორალურ-ზნეობროვი აღზრდის საკითხებზე მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გაჟონა ვიდეორგოლმა, რომელზეც ორი არასრულწლოვანი გოგონას «გართობა» იყო ასახული. და აი, ცოტა ხანში აგორდა მეორე სკანდალი - «ოსი დეპუტატისა და არასრულწლოვანის ურთიერთობის» ირგვლივ, რომელშიც მთავარ მოქმედ პირად, არც მეტი არც ნაკლები, დე ფაქტო პარლამენტის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბახვა თედეევი სახელდებოდა. დე ფაქტო ხელისუფლება რამდენიმე კვირის განმავლობაში დუმდა, სანამ ყოფილმა თანაპარტიელმა დიმიტრი ტასოევმა სოციალური ქსელის მეშვეობით პირდაპირ არ მიმართა ბახვა თედეევს კითხვით, სიმართლეა თუ არა, რასაც მის შესახებ ყვებიან და მოთხოვნით, გამოჩნდეს და პასუხი გასცეს საზოგადოებაში წარმოქმნილ კითხვებს. თედეევმაც, რომელსაც სხვა გზა, როგორც ჩანს, აღარ რჩებოდა, “სახელწიფო” ტელევიზიით მოქალაქეებს ემოციურად მიმართა, ყველაფერი უარყო და მის მიმართ “ბინძური ჭორების” გამავრცელებელთა დასჯა მოითხოვა. სიუჟეტში დე ფაქტო შს მინისტრმაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მისი უწყება არ ფლობს არანაირ მტკიებულებას, რომელიც ამ ისტორიას და მასში თედეევის მონაწილეობას დაადასტურებდა.

კოკოევი

კიდევ ერთი წინასაარჩევნო, ოღონდ არა სექსუალური ხასიათის სკანდალის მონაწილე დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი შიდა პოლიტიკის საკითხებში სოსლან კოკოევია. ამ თანამდებობას იგი უკვე ორი წელია, იკავებს, თუმცა მხოლოდ ახლახანს გაირკვა, რომ კოკოევს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დუკუმენტი არ გააჩნია და ცხინვალის უნივერსიტეტში პირდაპირ მეხუთე კურსზე ჩარიცხეს.