„სააკაშვილის კრიტიკა NATO-ზე გაკეთებული განცხადების გამო აბსოლუტურად სულელური და არაკომპეტენტურია“

2019-04-03 16:18:38
512

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა NATO-სთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული განცხადების გამო “აბსოლუტურად სულელური და არაკომპეტენტურია“.

პოლიტოლოგის განცხადებით, „რომ არსებობდეს რუსეთთან ასეთი გარიგების რეალისტური შესაძლებლობა, საქართველოს ნებისმიერი ლიდერი ვალდებული იქნებოდა, ამაზე წასულიყო“.

„შევამჩნიე სააკაშვილის კრიტიკა იმის გამო, რომ პრინციპში მზად ყოფილა ნატოს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა (ეს ადრეც უთქვამს, არაფერი ახალი ამაში არაა). კრიტიკოსების აზრით, ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ არის პრინციპული საქართველოს პროდასავლური კურსის დაცვის საკითხში და საერთოდ, „ბურჯანაძე და ინაშვილი აბა სხვა რას ამბობენ“.

ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად სულელური და არაკომპეტენტური. რომ არსებობდეს რუსეთთან ასეთი გარიგების რეალისტური შესაძლებლობა, საქართველოს ნებისმიერი ლიდერი ვალდებული იქნებოდა, ამაზე წასულიყო. ნატოში წევრობა არ შეიძლენა იყოს თვითმიზანი, ის რაღაცისთვის გვჭირდება. თუ რუსეთთან ამგვარი გარიგებით საქართველოს უსაფრთხოება უკეთესად იქნება დაცული, მასზე უნდა წახვიდე.

ამგვარი ჰიპოთეტური გარიგება არც საქართველოს პროდასავლურ კურსთან შევიდოდა წინააღმდეგობაში. შვედეთი, ფინეთი, ავსტრია საკმარისად დასავლური ქვეყნები არ არიან (ნატოში არც ერთი არაა)? შვედეთი, პოლონეთთან ერთად, ძირითადი სპონსორი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პატრნიორობის პროგრამისა, რასაც რუსეთი (არსებითად სამართლიანად) მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. პროდასავლური კურსის მთავარი ღირებულებაა, რომ განვვითარდეთ, გვქონდეს უსაფრთხო გარემო და დასავლური სტილის დემოკრატიული (და ლიბერალური) წესრიგი.

ბურჯანაძის, ინაშვილის და კამპანიის პრობლემა ისაა, რომ ისინი იტყუებიან (მგონია რომ სრულიად შეგნებულად), თითქოს ასეთი გარიგება შესაძლებელია. ანუ მათ უნდათ, რუსეთის ორბიტაში მოტყუებით შეგვიყვანონ. სინამდვილეში, ამგვარი გარიგება ფანტასტიკის სფეროა (იმედი მაქვს, ნორმალურ ადამიანს არ გჭირდებათ დასაბუთება, რატომ). აფხაზეთის და ცხინვალირ რეგიონის დაბრუნების შანსები მოხილვად მომავალში, სამწუხაროდ, მინიმალურია, მაგრამ თუნდაც თეორიული შანსის შენარჩუნებისთვის ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება (იდეალში - მათი წევრობა) გაცილებით ჯობია რუსეთზე ორიენტაციას. ის კიდევ უფრო წაადგება საქართველოს (იმ ოკუპირებული 20 პროცენტის გარეშე) უსაფრთოხებას და განვითარებას. რუსეთზე ორიენტაცია ყველა მიმართებით ჭაობია.

მიშა რასაც ამბობს, რომ პუტინთან საუბარში ფაქტობრივად გადაამოწმა ეს ჰიპოთეზა: აბა, რაზეა წამომსვლელი პუტინი, თუ საქართველო (ჰიპოთეტურად) ნატოს წევრობის პერსპექტივაზე უარს იტყოდა. პასუხი იყო: რაც არაფერს. ანუ, მიშამ ემპირიულად გადაამოწმა, რომ ქართველი რუსოფილების ძირითადი იდეა (ტერიტორიები ნატოს ნაცვლად) არის ზღაპარი. რა არის ამაში არასწორი?

P.S. ზოგადად მიშა გენიოსია და საქართველოს ერთადერთი მხსნელი, თუ საზიზღარი და უპრინციპო - ამ საკითხს ეს პოსტი არ ეხება. მაგაზე ცალკე იკამათეთ, ვისაც გინდათ“, – წერს ნოდია სოციალურ ქსელში.