იყო თუ არა ზურაბიშვილის მიერ ბაქოში გაკეთებული განცხადება შეთანხმებული ოფიციალურ თბილისთან

2019-04-01 13:26:09
1115

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბაქოში ამასწინანდელი ვიზიტის დროს გაკეთებულმა განცხადებამ სომხურ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში წარმოშვა განცდა, რომ თბილისი მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას იცვლის. თუმცა ოფიციალური თბილისი ყარაბაღის საკითხში  ხედვის შეცვლას კატეგორიულად უარყოფს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის 27 თებერვალს „ზაგულბას“ საპრეზიდენტო სასახლეში აზერბაიჯანის  პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან  გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა, კერძოდ, განაცხადა: 

„[...] ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ჩვენს განვითარებას აფერხებს [...].

მოგვიანებით, სომხეთში სტუმრობისას პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეს განცხადება შეახსენეს და განუცხადეს, რომ ერევანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე თბილისის განცხადებებში „უფრო ნეიტრალური და აწონილ–დაწონილი ფორმულირებების გამოყენებას“ ისურვებდა. 

ვიცვლით თუ არა ყარაბაღის საკითხში პოზიციას და იყო თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს განცხადება შეთანხმებული ოფიციალურ თბილისთან? - ამ კითვებით „აქცენტმა“ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს მიმართა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, «ზოგადად, განცხადებები, რომელსაც პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით აკეთებს, რა თქმა უნდა, საგარეო უწყებასთან არის შეთანხმებული».

„ჩვენ კოორდინაციაში ვართ პრეზიდენტთან. ყარაბაღთან დაკავშირებით არანაირი შეცვლილი პოზიცია არ გავქვს“, – აღნიშნა მან.

უფრო ვრცელი კომენტარი მოგვცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. 

„ის, რასაც შეთანხმებული პოზიციით ყოველთვის ვაჟღერებთ ჩვენს მეგობრებთან რეგიონში თუ სხვა ქვეყნებში, ძირითადად ჩვენი საკუთარი პრობლემაა - ის, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. შესაბამისად, ჩემი აზრით, ბაქოს შეხვედრის დროს ხაზგასმული იყო ის, რომ რეგიონში არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. შესაძლოა, ვინმემ ეს სიტყვა „ჩვენ“ ისე აღიქვა, რომ ქ-ნი სალომე ორივე მხარეს გულისხმობდა – საქართველოს დააზერბაიჯანს. ალბათ, აქედან გამომდინარე დაიწერა, თითქოს აზერბაიჯანულ მხარეს ვუთხარით, «თქვენც გაქვთ ასეთი ტერიტორიებიო». ჩემი ინფორმაციით, იქ ითქვა, რომ ჩვენ, ანუ საქართველოს გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენი პოზიცია ყარაბაღთან დაკავშირებით არ შეცვლილა და რა პოზიციაც გვაქვს, იგივე რჩება“, – განუმარტა „აქცენტს“ ხვთისიაშვილმა.