„იძულებული ვარ, უახლოეს პერიოდში ქვეყნიდან წავიდე“

2019-03-29 17:19:55
116

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ უცხოეთში გაშვების თხოვნა არ დაუკმაყოფილა. როგორც მოჭიდავე სოციალურ ქსელში წერს, ფედერაციისგან მან პასუხი უკვე მიიღო.

„სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დავისჯები“ - წერს დათუნაშვილი.

სპორტსმენმა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თბილისის სპორტის სასახლეში ფიზიკური შეურაცხყოფა 11 იანვარს მიაყენა, პრეზიდენტის გადადგომა მაშინვე მოითხოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფედერაციის პრეზიდიუმმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ფედერაციასვე მიმართა, მისთვის უცხოეთში წასვლის უფლება მიეცათ.

ზურაბ დათუნაშვილი საქმეში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჩართვას აპირებს.

„იძულებული გამხადეს, მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა - ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია. ამასთან, იძულებული ვარ, უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელებასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ“ - აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.