ატოცში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს: „ჩვენს "წამოგებას" ცდილობენ“

2019-03-27 17:32:21
539

ატოცში რუსმა სამხედროებმა მათ მიერვე გავლებული საოკუპაციო საზღვარი დაარღვიეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ,– ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ქაცარავა იუწყება. მან ფაქტის დამადასტურებელი ფოტოებიც გაავრცელა.


როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ინციდენტი გუშინ დაფიქსირდა, მომხდარს ქართული მხარის მხრიდან ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მხოლოდ დღეს გამოცხადდა.  

„გადმოდიან და იწყებენ პროვოკაციას. ცდილობენ, წამოგვაგონ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ჟესტებით, შეძახილებით. ცდილობენ, გამოგვიწვიონ, მაგრამ ახლა ამაზე არ ვაკეთებ აქცენტს. აქ მთავარი ისაა, რომ ისინი ბედავენ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, როგორც გაბედეს ხურვალეთში, სადაც დღემდე არ გვიშვებენ არც ჩვენ და არც ჟურნალისტებს.

გუშინ ფაქტობრივად, რუსი ორკების კონტროლის ქვეშ ვიყავით რამდენიმე წუთით. შემდეგ გადავიდნენ, მაგრამ ეს იყო მოსინჯვა. სამწუხაროდ, მათ გუშინ პასუხი ვერ მიიღეს და არ გაგიკვირდეთ, რომ ატოცის ხურვალეთის მოდელი მივიღოთ საზოგადოების უყურადღებობის გამო. შესაძლოა, ატოცშიც მოხდეს ხურვალეთი",– აცხადებს დავით ქაცარავა.

ცნობისთვის: ანტისაოკუპაციო მოძრაობა ატოცში 24–საათიან პატრულირებას გასული წლის შემდეგ აწარმოებს. გადაწყვეტილება მოძრაობამ ადგილზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის შესაჩერებლად მიიღეს და უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ამ მონაკვეთზე შეწყდა.  .