TV4: "არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტი დაფიქსირდა, მაუწყებლობას დროებით ვწყვეტთ“

2019-03-27 10:52:33
44

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV4 არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობის შესახებ საუბრობს და პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღით მაუწყებლობას წყვეტს.

"დღეს 21 წლის შემდეგ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ტელე - რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. დღეს TV4-ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიოს არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა. დღეს საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ TV4 და რადიო 4 მაუწყებლობას დროებით შეწყვეტს. ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს",- ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.