აფხაზეთის მკვიდრთა შორის საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია

2019-03-26 16:24:58
1599

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრთა მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემისადმი მომართვიანობა გაზრდილია. ასევე მზარდია დინამიკა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა მომართვიანობის კუთხით, - განუცხადა „აქცენტს“ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთი ბაკარაძემ.

საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იგი კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ „დინამიკა ცალსახად მზარდია“.

ბაკარაძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც ჯანდაცვის ქართულ სისტემას პირველად მიმართავენ.

სავარაუდოდ, სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს  ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცეპრემიერ ასლან კობახიაგანცხადება, «რეფერალური პროგრამა მოჩვენებითი მზრუნველობაა და რეალურად, თბილისს გალის მაცხოვრებლების ბედი არ ანაღვლებსო“.

ჯანაცვის რეფერალური პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ოკუპირებულ გალში მცხოვრები ის პირები კი, რომელთაც საქარველოს მოქალაქეობა გაჩნიათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ.

ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდნენ, ახლაც არიან და სამომავლოდაც იქნებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და დევნილები, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არაა ხმამაღლა საუბარი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, მაგრამ აქცენტები გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მისამართით კეთდება. დღესაც ვატარებთ კომისიის სხდომას. დაახლოებით 200 ადამიანი მოგვმართავს ერთი კვირის განმავლობაში. მე ვსაუბრობ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე და არა იმაზე, თუ რამდენი აფხაზი მოდის. ყოველწლიურად იზრდება გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მომარვიანობა. ჩვენ ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს და როდესაც ეს პროგრამები იგეგმება (ყოველწლიურად გვაქვს საპილოტე პროგრამები), ყოველთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საჭიროებაზეა მორგებული. გალში ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები გვაქვს, მუდმივ რეჟიმში გვაქვს ინფორმაცია, რა ხდება იქ. პირადად მე ყოველდღიურად ვარ ჩართული ურგენტული სამედიცინო მომსახურების საკითხების მოწესრიგება–მოგვარებაში. ყოველდღიურ რეჟიმში გადმოგვყავს როგორც ურგენტული პაციენტები და ახალშობილები, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ასევე გეგმიური პაციენტები. ჩვენ მათ ყველა გამოკვლევას ვუფინანსებთ“,– განუცხადა „აქცენტს“ ბაკარაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობა პირს პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს:

მოგეხსენებათ, რეფერალური პროგრამის მიხედვით თითოეულ პაციენტს ფინანსური ლიმიტი აქვს, ჩვენს მოქალაქეებს კი [საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულებს] - არა; რეფერალურ პროგრამაში ჩართულებს არ უფინანსდებათ ამბულატორიული კვლევები, ჩვენს მოქალაქეებს კი, დევნილებს ვუფინანსებთ ყველა ამბულატორიულ კვლევას. რიგ შემთხვევებში ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა გეგმიურ მომსახურეობას 100%–ით არ ფარავს. მსგავსი შემთხვევებისთვის ჩვენ, როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გვაქვს თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა არაინფორმირებულობაა და ყველაფერს ვაკეთებთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველოს მოქალაქეობა პრივილეგირებულია და მიმზიდველი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ბევრი პირისთვის, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, რეფერალური პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე ბევრ ვერტიკალურ პროგრამაში ვერ ხვდება. ამიტომ ისინი იღებენ საქართველოს მოქალაქეობასაც. ამ კუთხით ტენდენცია დადებითია, უბრალოდ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“.