„მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო“ - მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი

2019-03-17 19:51:17
664

“მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო”, – ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

“ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულია. არამარტო მორაგბეებისთვის ზოგადად, საქართველოსთვისაც. როგორც დავპირდით გულშემატკივარს ბოლომდე დავიხარჯებოდით, ბოლომდე დავიხარჯეთ, ღვთის წყალობით, ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა თამაში.

მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო. საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა! ჰიმნი იმიტომ იყო ემოციური, რომ ყველაზე ახლოს არის ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან. საქართველოსთვის ვითამაშეთ ეს თამაში და მოვიგეთ,” – განცხადა მერაბ შარიქაძემ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ "ბორჯღალოსნებმა" ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ.

მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგო. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიში 22:6 დააფიქსირეს.