თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენგეგმა დაამტკიცა

2019-03-15 20:01:48
89

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცებულია.  გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. 

"სითი ინსტიტუტი" დედაქალაქის გენგეგმაზე დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გენერალური გეგმის თანახმად, ზონირების ბალანსის ფარგლებში დაზუსტდა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები; დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და  შეტბორვის არეალებისთვის, ასევე, იდენტიფიცირდა გეოდინამიკური საფრთხეების არეალები. მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით; მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც  თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება;  გაიწერა შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და შეიქმნა შესაბამისი რუკა, სადაც მონიშნულია ის ტერიტორიები, რომლებზეც უნდა დამუშავდეს გარემოს დაცვითი კვლევები და განაშენიანების რეგულირების გეგმები; გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი) აქედან ორზე (დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა; ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი; ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუქის რევიზია და ძირითადი ზონირების რუქის კორექტირება; შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუქა.  ასევე, გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები. რომლის მიხედვითაც ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.